ორგანიზაცია

ორგანიზაცია "სტეფანწმინდა" ყაზბეგის მოსახლეობის სახელით გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილ ხელმოწერებს ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაცია "სტეფანწმინდა" ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის სახელით გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილ ხელმოწერებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის ექვსივე წევრი ჰესების მშენებელ კომპანიაშია დასაქმებული.

"გარემოს დაცვის სამინისტროში მოქალაქეთა ჯგუფის მიერ წარმოდგენილია ყაზბეგის რაიონის მოსახლეობის ხელმოწერები, შემდეგ ტექსტზე: "ხდისა და დარიალის ხეობებში მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით თანხმობას ვაცხადებთ და ვადასტურებთ ხელმოწერით". ხელმოწერების შემგროვებელი საინიციატივო ჯგუფის ექვსივე წევრი მშენებელ კომპანიაშია დასაქმებული. 1700 ხელმოწერას არ ახლავს ხელმომწერთა არც მისამართი და არც პირადობის დამადასტურებელი რაიმე რეკვიზიტი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, წერილზე ადამიანების დიდმა ნაწილმა ხელი მოაწერა მოტყუებით, ვინაიდან შპს "ფერის" წარმომადგენლები არწმუნებდნენ, რომ მშენებლობა პატრიარქის კურთხევით მიმდინარეობს, ხოლო ჰესების მშენებლობის დასრულების შემდეგ, რაიონს უფასოდ მიეწოდება ელექტროენერგია", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ამასთან, "სტეფანწმინდის" წარმომადგენლების განმარტებით, აღნიშნულს მოწმობს 2013 წლის 27 თებერვალს დაბა სტეფანწმინდაში ჩატარებული შეხვედრა, სადაც "არსად ჩანდა მშენებლობის 1 700 მომხრე".

"ხელმოწერილი სიების თითქმის ყველა გვერდზე ადვილად შეიმჩნევა, რომ რამდენიმე ადამიანის ნაცვლად ერთ ადამიანს აქვს ხელი მოწერილი. ხელმომწერთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც უკვე რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობენ. არიან ისეთი მოხევეები, რომლებიც მუდმივად თბილისში ცხოვრობენ და იანვრის ბოლოს, როდესაც ეს ხელმოწერები შეგროვდა, არ იმყოფებოდნენ ყაზბეგში. სიებში არის ძალიან ბევრი გაორება, როდესაც ერთი და იგივე ადამიანს ორგან აქვს ხელი მოწერილი. ამასთანავე, ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენელთა ნაწილმა განცხადებით მიმართა გარემოს დაცვის სამინისტროს, სადაც აცხადებენ, რომ მათ ხელი არ მოუწერიათ კომპანია "ფერის" ინიცირებულ ჰესების მშენებლობის მხარდამჭერ წერილზე, თუმცა სიაში მაინც არიან", - განმარტავენ "სტეფანწმინდის" წარმომადგენლები.

სტეფანწმინდის ცენტრში გუშინ ჰესების მშენებლობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ხვიჩა გუჯარაიძემ განუცხადა, რომელიც საინიციატივო ჯგუფის წევრია, ჰესების მშენებლობის თემაზე გამოკითხვა ჩაატარა და ყაზბეგის მოსახლეობის 95% ჰესების მშენებლობაზე თანახმაა.

"რამდენიმე ადამიანმა დავიარეთ რაიონში და ჩავატარეთ გამოკითხვა. 95% ჰესების მშენებლობას ემხრობა, რადგან ეს დასაქმებას შეუწყობს ხელს. როდესაც გარკვეული მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ყაზბეგის მოსახლეობა ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ხვიჩა გუჯარაიძემ. მისივე თქმით, გამოკითხვის შედეგად შეგროვებულია 1700 ხელმოწერა, რომელიც გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეცა.