კომიტეტებში კანონპროექტის განხილვას იწყებენ, რომლითაც დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებები თანაბარი ხდება

კომიტეტებში კანონპროექტის განხილვას იწყებენ, რომლითაც დაცვისა და ბრალდების მხარის უფლებები თანაბარი ხდება

საპარლამენტო კომიტეტები იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით მომზადებული პროექტის განხილვას იწყებენ , რომლითაც დაცვის მხარის უფლებები ბრალდების მხარის უფლებებს უთანაბრდება.

ამ მიმართულებით "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატან ცვლილებების პროექტს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში განიხილვენ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე უფლებები ეზრდებათ პროცესებში მონაწილე ადვოკატებს. საპროცესო კოდექსი დღეს ადვოკატს უფლებას ანიჭებს, გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები. ამ ჩამონათვალს გამოკითხვის ოქმებიც ემატება და პროექტის თანახმად, უზრუნველყოფილია ადვოკატის უფლება, მეორე მხარისგან გამოკითხვის ოქმები მიიღოს. ამასთან, ფართოვდება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში საჩივრის შემტანი სუბიექტების წრე და საჩივრის შეტანის უფლება, მსჯავრდებულთან ერთად, მის ადვოკატასაც ეძლევა.

იუსტიციის სამინისტრომ მტკიცებულებებთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც გადახედა. ცვლილებები "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის" იმ ნაწილშიც შედის, რომელიც საქმეში მტკიცებულებებსა და მტკიცების საგანს ეხება. პროექტის თანახმად, სასამართლო ვალდებული ხდება, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, დაასაბუთოს. ამავე ცვლილებებით, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად იმ შემთხვევაში იქნება მიღებული, თუ მათ საეჭვოდ პროცესის მონაწილე არც ერთი მხარე არ ხდის.

ასევე მცირდება სასამართლო პროცესებთან დაკავშირებული ჯარიმები. საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის, ასევე პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისთვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5 000 ლარიდან 500 ლარამდე ჩამოდის. იცვლება სანქცია დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების წარუდგენლობაზე და ასეთ შემთხვევაში მას მხოლოდ საპროცესო ხარჯები დაეკისრება.

გარდა ამისა, სასამართლო ვალდებული ხდება, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გამოტანიდან 48 საათის განმავლობაში, განჩინების ასლი გასაჩივრების უფლების მქონე პირს გადასცეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ხვალ, 14:00 საათზე გაიმართება.