იშხნის ტაძრის აღდგენისთვის ართვინის ბიუჯეტიდან მლნ 100 ათასი ლირა დაიხარჯება

იშხნის ტაძრის აღდგენისთვის ართვინის ბიუჯეტიდან მლნ 100 ათასი ლირა დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძის ვიზიტი თურქეთში ართვინის გუბერნატორთან შეხვედრით დაიწყო. 

არჩილ ხაბაძემ და ნეჯმეთინ ქალქანმა ორ რეგიონს შორის ტურისტულ, ინფრასტრუქტურულ და კულტურულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მთავრობის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ აჭარაში თურქეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვი გასულ წლებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზრდება. მხარეების განცხადებით, მალე მურატი-მარადიდის საბაჟო გამშვები პუნქტი ამოქმედდება, რაც სარფის საზღვარზე მიმოსვლას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.

არჩილ ხაბაძემ ართვინის გუბერნიაში ვიზიტისას იშხნის ტაძარი მოინახულა. თურქული მხარის განცხადებით, ისტორიული ძეგლის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ რესტავრაცია 400 დღეში უნდა დაასრულოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენისთვის ართვინის ბიუჯეტიდან 1 მლნ 100 ათასი ლირა დაიხარჯება. რეგიონის პირველი პირის შეფასებით, თურქული და ქართული მხარეები ისტორიული ძეგლების რესტავრაციაზე მომავალშიც იზრუნებენ.

რიზეში გამგზავრებამდე აჭარის სამთავრობო დელეგაციამ, ართვინის გუბერნიაში ახალი ჰიდროელექტროსადგური მოინახულა. "თურქეთის მაგალითზე შესაძლებელია მსგავსი მშენებლობების დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანალიზება", - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

არჩილ ხაბაძე რიზეს გუბერნატორს ნურულაჰ ჩაქირსაც შეხვდა. მხარეებმა ახალი ტურისტული პაკეტების შემუშავებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და სტუდენტების გაცვლით პროგრამებზე ისაუბრეს.

მოგვიანებით მთავრობის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან ერთად რიზეს უნივერსიტეტი მოინახულა. არჩილ ხაბაძე უნივერსიტეტის რექტორს არიქ ილმაზსა და ქართველ სტუდენტებს შეხვდა. ართვინში 49 ქართველი სტუდენტი იღებს განათლებას.

მთავრობის თავმჯდომარის გარდა შეხვედრას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე ესწრებოდა. მინისტრის განცხადებით, სამედიცინო ფაკულტეტზე მყოფი წარმატებული სტუდენტები, აჭარის რეგიონში სამომავლოდ საკუთარი პროფილით დასაქმდებიან.