ალექსი პეტრიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

ალექსი პეტრიაშვილი სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და სტუდენტებს შეხვდა. სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას თსუ-ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრო.

ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სტუდენტებმა პირველწყაროსგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო კურსთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე. "სტუდენტთა ინტერესი ამ პროცესის წარმატების სურვილითაა გამოწვეული",-აღნიშნა კვიტაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილმა კი სტუდენტებთან საქართველოს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ამ მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრა. "მისასალმებელია ახალგაზრდების ინტერესი მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი და გათვითცნობიერებულნი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი თსუ-ს "ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" ინიციატივით ეწვია. ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციაზე, ევროკავშირთან ურთიერთობის პერსპექტივასა და ქვეყანაში მიმდინარე საშინაო და საგარეო ვითარებაზე ისაუბრა. შეხვედრის დასასრულს სახელმწიფო მინისტრმა სტუდენტთა შეკითხვებს უპასუხა.