საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების სქემა დამტკიცდა

საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების სქემა დამტკიცდა

მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა. 

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების სქემა დამტკიცდა. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს დეტალურ ამოცანებს შესაბამისი უწყებებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ჰარმონიზაციის განხორციელებას.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ევროკომისარმა საშინაო საკითხებში სესილია მალსტრომმა საქართველოს მთავრობას თბილისში ვიზიტისას გადმოსცა. გეგმა, რომელიც შედგება ორი ფაზისგან: საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და იმპლემენტაცია, მიზნად ისახავს ტექნიკურ დონეზე საქართველოს მზაობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

დღევანდელ სხდომას ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა.