საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებს ეხმაურება

საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებს ეხმაურება

თბილისის საქალაქო სასამართლო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის ბრალდებებს ეხმაურება. სასამართლოს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ. 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 3 და 15 იანვრის გადაწყვეტილებებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეების გიზო უგულავას, ალექსანდრე მგელაძის, შოთა გენგაშვილის, გიორგი ონიანის, რომეო საჯაიასა და გიორგი ჩივიაშვილის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის N 108 ოქმით მიღებული გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ახალი ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ "ადვოკატთა შესახებ" საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ყოველ მათგანს მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ჩაბარებული აქვთ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვთ იურისტად მუშაობის გამოცდილება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეთა მიერ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია შვიდ წელზე მეტი, რაც საფუძველია მათთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმისა, ვინაიდან კანონმდებელი მიუთითებს გამოცდებზე, რომელთა ჩაბარების შემთხვევაშიც პირს ენიჭება უფლებამოსილება გახდეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ესენია - ადვოკატთა ტესტირება, მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებელი აღნიშნულ გამოცდებს მოიხსენიებს განსხვავებული ტერმინებით (ტესტირება და საკვალიფიკაციო გამოცდა), არ შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ გარკვეული ვადა, რომელსაც კანონმდებელი აწესებს ადვოკატთა ტესტირების ჩაბარების დამადასტურებელ მოწმობაზე, უპირობოდ უნდა გავრცელდეს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ სერტიფიკატზეც, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გამოცდების განსხვავებული ტერმინებით მოხსენიება საფუძველს მოკლებული იქნებოდა.

"პროკურატურის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, აღნიშნულ კანონში არ არის დათქმა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის მოქმედების ვადასთან დაკავშირებით, რაც ცალსახად გულისხმობს რომ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი არის უვადო.
სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია არ მომხდარიყო მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა სამართლებრივი შეფასება, ვინაიდან თავად მოსარჩელე არ უთითებდა შესაბამის სამართლებრივ ნორმებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ იგი არათუ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა, მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტებსა და გარემოებებს, ასევე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მისცეს სამართლევრივი შეფასება.

აღნიშნული გადაწყვეტილებები გასაჩივრდა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ", -ნათქვამია განცხადებაში.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა და საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ხატია არდაზიშვილი და კობა გოცირიძე კანონის დარღვევაში დაადანაშაულა.

ხატიაშვილის ინფორმაციით, საქმე ეხება ექვსი პირისთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების უფლების მინიჭების საკითხს.

მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარი უთხრა ექვს პირს, ყოფილ პროკურორებს - გიორგი ჩივიაშვილს, გიზო უგულავას, რომეო საჯაიას, ალექსანდრე მგელაძეს, შოთა გენგაშვილს და ყოფილ მაღალჩინოსანს გიორგი ონიანს.

აღნიშნულმა პირებმა ადვოკატთა ასოციაციის ეს გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრეს.

"ალექსანდრე მგელაძის და გიზო უგულავას სარჩელი განხილულ იქნა 2013 წლის 3 იანვარს მოსამართლე ხატია არდაზიშვილის მიერ, ხოლო გიორგი ჩივიაშვილის, რომეო საჯაიას, შოთა გენგაშვილის და გიორგი ონიანის სარჩელი მოსამართლე კობა გოცირიძის მიერ 2013 წლის 15 იანვარს. პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლემ ხატია არდაზიშვილმა 3 იანვარს დააკმაყოფილა მგელაძისა და უგულავას სარჩელი, ხოლო 15 იანვარს კობა გოცირიძემ ასევე დააკმაყოფილა ჩივიაშვილის, საჯაიას, გენგაშვილისა და ონიანის სარჩელები. მოსამართლე კობა გოცირიძემ 15 იანვრის გადაწყვეტილება მთლიანად გადაიწერა კოპირების მეთოდით მოსამართლე ხატია არდაზიშვილის 3 იანვრის გადაწყვეტილებიდან, რაც არის სამარცხვინო და უწესო მოვლენა სასამართლო სისტემაში", - აცხადებს ხატიაშვილი.