"მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტს ხვალ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს, ხვალ პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტი განიხილავს. 

საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები არიან. მათ საკანონმდებლო პროექტს კი, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი წარადგენს.

კანონპროექტი სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესის შემოღებას ითვალისწინებს. წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე, წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. კანონპროექტით ასევე განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს ასევე შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები.

კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება.

ფუნდამენტურად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. შემოთავაზებული ცვლილებებით, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრამდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს.

აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში მის ოფიციალურად ინიცირებამდე გახდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირების და სერიოზული დებატების საგანი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არასამთავრობოთა საკანონმდებლო ინიციატივას ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებელის დაქვემდებარების და "ჯიბის ტელევიზიად" ქცევის მცდელობად აფასებს.