ნოდარ ხადური ფოთში იმყოფებოდა

ნოდარ ხადური ფოთში იმყოფებოდა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა სამუშაო შეხვედრები ფოთში გამართა, რომლის დროსაც ქალაქში მიმდინარე და შეჩერებული ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფინანსთა სამინისტროს სამსახურების მუშაობას გაეცნო.

ნოდარ ხადურთან ერთად, შეხვედრებში მონაწილეობდნენ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, შემოსავლების სამსახურისა და მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები.

მინისტრის ფოთში ვიზიტი ფოთის მერიაში შეხვედრით დაიწყო, რის შემდეგაც მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად თეატრის, სპორტკომპლექსისა და სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

"დღევანდელი ჩემი სტუმრობა ქალაქში ემსახურება იმას, რომ უშუალოდ ვნახო ის პრობლემები, რომელიც დგას ფოთის წინაშე. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ქალაქის ინფრასტრუქტურა, ქალაქის მეურნეობა პრაქტიკულად მოშლილია. პრობლემებია წყალმომარაგებაში, სანიაღვრე სისტემებში, გზებში. ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ბუნებრივია, ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება, ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, ბევრ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ, რათა ეს პრობლემები მოვაგვაროთ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში ფოთის მაჟორიტარის დამსახურებაც, ის ჩვენთან ერთად ყოველდღიურად მუშაობს იმაზე, რომ ფოთის პრობლემები, როგორც ადგილობრივმა ისე, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დროზე გადაჭრას",-განაცხადა ხადურმა.

დღესვე ხადური ფოთში საცალო-საბითუმო მაღაზიის გახსნას დაესწრო.