ოლეგ იაძე დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს

ოლეგ იაძე დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს

კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ოლეგ იაძე კასპის მაჟორიტარ დეპუტატს, დავით ონოფრიშვილს კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებს. 

როგორც დღეს ოლეგ იაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დავით ონოფრიშვილმა კრიმინალები და ნარკომანები დაიცვა. მანვე ჟურნალისტებს იმ ადამიანების ნასამართლეობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც წარუდგინა, რომლებიც ორი დღის წინ გამართულ აქციაზე აქტიურობდნენ.

ამასთან, კასპელების ერთი ნაწილი გამგებლისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამ მოთხოვნას მხარს უჭერენ გამგებელთან დაპირისპირებაში მყოფი საკრებულოს დეპუტატი ხათუნა თათანაშვილი და ალასანიას ახლო ნათესავი გიორგი ბესტავაშვილი. მათი განცხადებით, ოლეგ იაძე არაერთი ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს და მთელს კასპს კრიმინალებად და ნარკომანებად მოიხსენიებს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მაჟორიტარის ბიუროს წევრებისთვის კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში შესვლის წესი შეიცვალა და გამგეობის საშვის გარეშე შესვლა შეეზღუდათ. დავით ონოფრიშვილის ბიუროს უფროსი ამ ფაქტს მაჟორიტარის იმ განცხადებებს უკავშირებს, რაც იაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
ამასთან, მეორე დღეა, კასპში საუბრობენ, რომ გამგებელი იაძე მაჟორიტარ ონოფრიშვილის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებდა. აღნიშნულს აბსურდული უწოდა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა,

იაძემ ხელმოწერილი ფურცლები კამერების წინ დახია და განაცხადა, რომ განცხადებაში ონოფრიშვილის საწინააღმდეგო არაფერი ეწერა და ხელმოწერების შეგროვებაც საკუთარი თანამშრომლების ერთგულებაში დასარწმუნებლად, გამოცდის მიზნით წამოიწყო.

დავით ონოფრიშვილი დღეს, 17:00 საათზე, კასპში ბრიფინგს გამართავს.