საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე 105 ტენდერი გამოცხადდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე 105 ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 2012 წლის ნოემბრიდან დღემდე სულ 105 ტენდერი გამოცხადდა. 

ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა, დავით ნარმანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დავით ნარმანიამ მთავრობის ახალი პროექტის "მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში ჟურნალისტებს სამინისტროს მიერ ბოლო ერთი თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

მინისტრის განცხადებით, დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებზე გამოცხადდა 12 საერთაშორისო ტენდერი, ხოლო საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე 93 ადგილობრივი ტენდერი.

"მიმდინარე თვეში საერთაშორისო სატენდერო პროცედურები დასრულდა ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობის მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოცულობითა და ბიუჯეტით ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროექტია. პროექტის ღირებულება 118.462.944,42 ლარს შეადგენს და მის განხორციელებაზე კონტრაქტი გაფორმდა ერთობლივ საწარმო "Todini/Takenaka"-სთან", - განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, საქართველოს ბიუჯეტით დაფინანსებულ საგზაო პროექტებზე გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამოვლენილია 75 გამარჯვებული კომპანია. ადგილობრივი დაფინანსებით საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების სხვადასხვა სამუშაოები კი 79 ობიექტზე მიმდინარეობს.

ნარმანიას ინფორმაციით, სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ასევე გამოაცხადა ტენდერი იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ზუგდიდში რვა 4 სართულიანი შენობისგან დაკომპლექტებული საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის თაობაზე, რომლის მშენებლობა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური დახმარებით 2 ლოტად გახორციელდება.

ნარმანიამ დღეს ჟურნალისტებს ინფორმაცია სამინისტროში მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინსტრაციებიდან შესული პროექტების შესახებაც მიაწოდა. მისი ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში შესარჩევად მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინისტრაციებიდან 1 816 პროექტია შესული.

"საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრომ ამ მიმართულებით პირველი ეტაპი - მუნიციპალიტეტებიდან და სამხარეო ადმინისტრაციებიდან პროექტების მიღების პროცესი დაასრულა და მეორე - პროექტების შერჩევის პროცესს იწყებს. რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის ფონდიდან მთლიანობაში 200 მილიონი ლარი დაიხარჯება, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი", - განაცხადა ნარმანიამ.

პროექტების მიღება 11 მარტს დასრულდა. სამინისტრომ ჯამში 1816 პროექტი მიიღო, მათ შორის ყველაზე მეტი პროექტი ქვემო ქართლიდან - 348 პროექტია წარმოდგენილი, ხოლო ყველაზე ნაკლები - 58 პროექტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან არის წარმოდგენილი. პროექტების უმრავლესობა გზებისა და წყალმიომარაგების საკითხებს შეეხება. მინისტრის განცხადებით, სამთავრობო კომისია მომავალ კვირას შეიკრიბება და აღნიშნული პროექტების გადარჩევის პროცესს დაიწყებს.