"სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" რეკლამის სრულად აკრძალვის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგია

"სათამაშო ბიზნესის ასოციაცია" რეკლამის სრულად აკრძალვის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგია და დეპუტატებს მოუწოდებს გადაწყვეტილების მიღებამდე კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან გაიარონ. 

ამის შესახებ განცხადება "სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, კაზინოები, ინტერნეტკაზინოები და ტოტალიზატორები თანხმდებიან გარკვეულ შეზღუდვებზე თუმცა მათაც, ისევე როგორც ყველა სხვა ბიზნესს რეკლამა ჭირდება და თუ ეს ბიზნესი იარსებებს მომხმარებელთან გარკვეული სახის კომუნიკაციის შესაძლებლობაც უნდა ქონდეს.

ამასთან, როგორც ლევან ახვლედიანმა აღნიშნა, რეკლამის შეზღუდვა მხოლოდ სათამაშო ბიზნესს არ დააზარალებს და ეს სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს როგორც სარეკლამო ბიზნესს, ასევე მედიასაშუალებებს.

დღესვე, "სათამაშო ბიზნესის ასოციაციის" ხელმძღვანელი გამოეხმაურა ბოლო დროს წამოწეულ თემას, რომლის მიხედვითაც საქართველოში აზარტული თამაშების სრული აკრძალვა იგეგმება. მისი განცხადებით, დღეისათვის კანონით გაწერილი მკაცრი რეგულაციების მეშვეობით სათამაშო ბიზნესი სათანადოდ კონტროლდება და მოქცეულია ლეგალურ ჩარჩოებში, მისი აკრძალვის შემთხვევაში თამაში ავტომატურად იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტონს და მხოლოდ სოლიდურ საბიუჯეტო შემოსავალს დააკარგვინებს.

სათამაშო ბიზნესის რეკლამის სრული აკრძალვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. მომდევნო მოსმენა მომავალ კვირას გაიმართება. კანონპროექტის ავტორია დეპუტატი კობა დავითაშვილი.