კოკა გუნცაძე რკინიგზისთვის მიყენებული 15 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის შესახებ საუბრობს

კოკა გუნცაძე რკინიგზისთვის მიყენებული 15 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის შესახებ საუბრობს

"საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კოკა გუნცაძე რკინიგზისთვის მიყენებული დაახლოებით 15 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის შესახებ საუბრობს. 

როგორც გუნცაძემ რკინიგზის სათაო ოფისში დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საქმე ეხება 2010 წელს საქართველოს რკინიგზასა და "შპალის ქარხანას" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. გუნცაძის ინფორმაციით, 2007 წლის 22 მაისის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წერილით საქართველოს რკინიგზას დაევალა შვილობილი კომპანიის "შპალის" ქარხნის საწესდებო კაპიტალის კორექტირება და საწარმოს 100% წილის სახელმწიფოსთვის გადაცემა.

მისივე თქმით, ქარხნის საწესდებო კაპიტალში რკინიგზის მიერ თავისი სახსრებით შეძენილი საშუალებების შეტანის შემდგომ, რკინა-ბეტონის "შპალის" ქარხნის კრედიტორულმა დავალიანებამ საქართველოს რკინიგზის მიმართ შეადგინა 6 278 012 ლარი.

გუნცაძის ინფორმაციით 2010 წლის 20 ივლისს საქართველოს რკინიგზამ ჩაატარა ტენდერი 474 000 ცალი შპალის შესყიდვაზე, სადაც ლოტის საერთო ღირებულება განისაზღვრა 43 702 800 შვეიცარიული ფრანკით.

"ტენდერში მონაწილეობდა სამი კომპანია - "ნიუ ენერჯი", "მიქსორი" და "რკინა ბეტონის შპალის ქარხანა". 2010 წლის 20 აგვისტოს ტენდერის შედეგების გათავლისწინებით, 474 000 ცალი შპალის შესყიდვაზე საქართველოს რკინიგზამ ხელშეკრულება გაუფორმა "შპალის ქარხანას". კონტრაქტის საერთო ღირებულება 43 307 000 შვეიცარიული ფრანკი იყო. საცალო ერთი ცალი შპალის ღირებულება კი 91,4 შვეიცარიულ ფრანკს შეადგენდა, რაც იმ დროისთვის 159,93 ლარის ექვივალენტი იყო, მაშინ როდესაც მარაბდა-ყარწახის და შემოვლითი გზის კონტრაქტორ კომპანიებს ერთი შპალი 141,7 ლარად მიეწოდებოდა, ანუ რკინიგზა ერთ ცალ შპალს 18,2 ლარით ძვირად ყიდულობდა", - განმარტა გუნცაძემ.

მისივე თქმით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 დღეში, ეკონომიკის სამინისტროს წერილების და საქართველოს მთავრობის #34 ოქმის საფუძველზე, რკინიგზასა და "შპალის ქარხანას" შორის გაფორმდა ვალის პატიების შეთანხება და ქარხანას ეპატია რკინიგზის ვალი 6 278 012 ლარის ოდენობით, როდესაც ის 43 000 000 ფრანკის ღირებულების კონტრაქტს ფლობდა.

"ზუსტად ორ კვირაში 2010 წლის 9 სექტემბერს ეკონომიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ აუქციონზე "შპალის ქარხნის" პრივატიზაცია მოხდა. იგი შეიძინა კომპანია "მიქსორმა", რომლის დამფუძნებელი არის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის ცეზარ ჩოჩელის ძმა რომელიც მონაწილეობას იღებდა შპალების ტენდერში, საპრივატიზაციო საფასური კი 6 850 000 დოლარი იყო", - განმარტა გუნცაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული მასალები ეკონომიკის სამინისტრომ უკვე გადაუგზავნა პროკურატურას. გუნცაძის შეფასებით, სახეზეა ფინანსური სქემა, ეკონომიკის სამინისტროს, რკინიგზის მაშინდელი ხელმძღვანელობისა და მაღალი თანამდებების პირების მონაწილეობით, რამაც "საქართველოს რკინიგზას" ზარალი მიაყენა. საქმერში მონაწილე კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასახელებისგან გამოძიების ინტერსებიდან გამომდინარე, გუნცაძემ დღეს თავი შეიკავა.