ჯეიკობ დილანმა საკუთარი ჯგუფი აღადგინა

ჯეიკობ დილანმა საკუთარი ჯგუფი აღადგინა

ამერიკული გამოცემა “Rolling Stone”-ს ინფორმაციით, ცნობილი მუსიკოსის ბობ დილანის ვაჟმა ჯეიკობმა, საკუთარი ჯგუფის “The Wallflowers“ აღორძინება განიზრახა. 2007 წლიდან ჯგუფი შემოქმედებით შვებულებაში იმყოფება.

 

გამოცემის ჟურნალისტთან საუბრისას ჯეიკობ დილანმა განაცხადა, რომ “The Wallflowers“ 2012 წლის იანვრიდან საკონცერტო მოღვაწეობას განაახლებს. მომავალი წლის გაზაფხულზე კი ახალი სტუდიური ალბომის ჩაწერას შეუდგებიან.

 

ჯგუფი “The Wallflowers” 1989 წელს ქალაქ ლოს-ანჯელესში ჩამოყალიბდა. მისი შექმნის ინიციატორი ბობ დილანის ვაჟიშვილი გახლდათ. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ჯეიკობ დილანი, ფრედ ელტრინგჰემი, გრეგ რიჩლინდი, იულიან პიოტროვიაკი და სტიუარტ მატისი.

 

პირველი სტუდიური ალბომი “The Wallflowers” მუსიკოსებმა 1992 წელს ჩაწერეს. ჯგუფის აქტივში სულ ხუთი სტუდიური ნაშრომია. ბოლო ალბომმა “Rebel, Sweetheart” დღის სინათლე 2005 წელს იხილა.

 

2007 წელს ჯგუფმა დროებითი შემოქმედებითი შვებულება აიღო, ჯეიკობ დილანმა კი სოლო კარიერა წამოიწყო. მუსიკოსმა ამ ოთხი წლის განმავლობაში ორი ალბომი გამოუშვა. “Seeling Things” 2008 წელს გამოიცა, “Women + Country” კი 20110 წელს გამოვიდა.