ბიძინა ივანიშვილი რიჩარდ ნორლანდს მადლობას უხდის

ბიძინა ივანიშვილი რიჩარდ ნორლანდს მადლობას უხდის

პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდს ადმინისტრაციისთვის მიწოდებული "ობიექტური ინფორმაციებისთვის" მადლობას უხდის. 

"რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ყველაზე დიდი დახმარება, რაც საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში მიუღია, სწორედ მისგან მოდის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ რიჩარდ ნორლანდს - გენიალური ელჩი ჰყავს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ძალიან გაგვიმართლა. ბატონი ნორლანდი ძალიან აქტიურად მუშაობს, ძალიან ბევრი იცის, ძალიან კარგი და ობიექტური ინფორმაციები მიდის ადმინისტრაციაში. ადმინისტრაციის დონეზე მოხერხდა ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და მათ გაიგეს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა სუფთა გუნდი. ამაში ელჩს ძალიან დიდი წვლილი აქვს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, ადმინისტრაციის მიუხედავად, კონგრესსა და სენატში "კითხვები ჯერ კიდევ არსებობს".

"კონგრესსა და სენატში კიდევ არსებობს კითხვები და იქ სააკაშვილის მეგობრები კიდევ შემორჩნენ. სხვათაშორის, იუმორით გეტვით, რომ ზოგიერთ კონგრესმენს და სენატორს დღესაც ისეთი რწმენა აქვს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე მინიმუმ 90 %-ით მოიგებს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, რომ სააკაშვილთან უნდა იყოს კოჰაბიტაცია, რომ ჩვენ მას ვჩაგრავთ და ა.შ", - აღნიშნა პრემიერმა.

ამასთან, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, აშშ-ში ვიზიტი სწორედ იმის გამო გადადო, რომ არ სურდა კონგრესმენებისა და სენატორების უამრავი შეკითხვის ფონზე "იქ თავის მართლებით ჩასულიყო".

"მინდა პარტნიორ ქვეყანაში ჩავიდე გამართული წელით და მსგავსი კითხვები, რაც ჯერ კიდევ შემორჩენილია, დასრულდეს. გარწმუნებთ, მე თვითონ ვთქვი უარი ვიზიტზე, რადგან მე არ მსურდა, რომ არეულ სიტუაციაში, როცა უამრავი შეკითხვა ჰქონდათ კონგრესმენებს და დეპუტატებს, ჩავსულიყავი იქ თავის მართლებით. მე მინდა ჩავიდე შეერთებულ შტატებში გამართული წელით და მათ ვაჩვენო, რომ მოვიყვანეთ ძალიან კარგი გუნდი, რომ კარგი ხელწერა გვაქვს და ვიქნებით კარგი პარტნიორი აშშ-ისთვის და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ გაუღრმავდეს ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის", - დასძინა ივანიშვილმა.