გარდაცვლილი უგო ჩავესის ცხედრის ბალზამირება ვეღარ მოხდება

გარდაცვლილი უგო ჩავესის ცხედრის ბალზამირება ვეღარ მოხდება

ვენესუელას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლას მადუროს განცხადებით, გარდაცვლილი უგო ჩავესის ცხედრის ბალზამირება ვეღარ მოხდება. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. 

მადუროს თქმით, ვენესუელაში ჩასული რუსი ექსპერტების განცხადებით, გარდაცვლილი უგო ჩავესის სხეულის ბალზამირება ვეღარ მოხდება, რადგან ცხედარი დროულად არ დამუშავდა და არა ჩაუტარდა საჭირო პროცედურები.

"რუსი და გერმანელი ექსპერტები ვენესუელაში ჩავესის ცხედრის ბალზამირებისთვის ჩამოვიდნენ, თუმცა ისინი აცხადებენ, რომ ეს რთული იქნება, რადგან პროცესი მანამდე უნდა დაწყებულიყო, ახლა კი შეუძლებელია", - ამცნო მადურომ ვენესუელელებს.

უგო ჩავესი 5 მარტს გარდაიცვალა რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ. ქვეყანაში მისი გარდაცვალების გამო 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, თუმცა ვენესუელას ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საყოველთაო გლოვა 15 მარტამდე გაგრძელდება. ახალი პრეზიდენტის არჩევნები ვენესუელაში 14 აპრილს გაიმართება, მანამდე პრეზიდენტის მოვალეობას ნიკოლას მადურო შეასრულებს.