ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა პირებმა შესაძლოა, დამატებითი უფლებები მიიღონ

ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა პირებმა შესაძლოა, დამატებითი უფლებები მიიღონ

ოჯახური ძალადობის შედეგად დაზარალებულმა პირებმა შესაძლოა, დამატებითი უფლებები და დაცვის გარანტიები მიიღონ. 

ამ მიმართულებით საკანონმდებლო პროექტზე ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის პირველი მოადგილე გუგული მაღრაძე მუშაობს, რომლის ინიციატივითაც ცვლილებები და დამატებები "ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში აისახება. როგორც დეპუტატი განმარტავს, მის მიერ შემუშავებული ინიციატივები ევროსაბჭოს 2011 წლის 12 აპრილის კონვენციას და ამ კონვენციით აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს ეფუძნება.

პროექტის თანახმად, რომლის ოფიციალურად ინიცირება პარლამენტში ჯერ არ მომხდარა, მსხვერპლს ენიჭება უფლებამოსილება ოჯახში ძალადობის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით შესაბამის სახელმწიფო ორგანოს მიმართოს, კანონით დადგენილი წესით კომპენსაცია მიიღოს, ისარგებლოს უფასო სამართლებრივი კონსულტაციით, უფასო პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარებით, უფასო სამართლებრივი დახმარებითა და წარმომადგენლობით სასამართლოში თუ სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში.

პროექტის მიხედვით, რეგულირდება ოჯახურ დანაშაულებზე არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის საკითხი. ასეთი მოწმის დაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ მისი კანონიერი წარმომადგენლისა ან ფსიქოლოგის დასწრებით ჩატარდეს. ამასთან, პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანი დაკითხვა მოძალადე მშობლის თანდასწრებით, ან მათთვის არასრულწლოვანის მიერ მიცემული ჩვენების გაცნობა.

პროექტი განსაკუთრებულ ყურადღებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინფორმირების საკითხს უთმობს. პროექტის მიხედვით, დამცავი და შემაკავებელი ორდერის გამომცემი ორგანო, მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფი, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანო, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურე დაწესებულებები და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილი ორგანოები ვალდებულნი არიან ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს მათთვის გასაგებ ენაზე გააცნონ ინფორმაცია, ქვეყანაში არსებული ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და სამართლებრივი დაცვისა და დახმარების მექანიზმების და შესაბამისი მომსახურების სახეების შესახებ. ასევე პოლიცია და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მწარმოებელი სხვა ორგანოები ვალდებულნი ხდებიან, ოჯახში ძალადობის მსხვერპლს დაუყონებლივ აცნობონ მის მიმართ ძალადობის ჩამდენი პირის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

პროექტი ყურადღებას ოჯახში ძალადობის მსხვერპლის საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხსაც უთმობს - მასში გათვალისწინებულია ნორმა, რომლის მიხედვით, იმ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი თავშესაფრით არ სარგებლობს და სურს, საცხოვრებელ ადგილზე დარჩეს, დამცავი ან შემაკავებელი ორდერით მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილისაგან მოძალადის განრიდების საკითხი განისაზღვრება. აღნიშნული ორდერის შესაბამისად, პოლიცია უფლებამოსილია, მოძალადე მსხვერპლის საცხოვრებელ ადგილს განარიდოს და ეს იმ შემთხვევაშიც გააკეთოს, თუკი მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილი მოძალადის საკუთრებას წარმოადგენს.

კანონპროექტი ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებული პირების დახმარებისა და შესაბამის საკითხებზე მათი კონსულტირების მიზნით 24-საათიანი უფასო სატელეფო დახმარების ხაზის შექმნასა და მისი ფუნქციონირებას ქვეყნის მთელი ტერიტორიის დაფარვით ითვალისწინებს.

"ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება პარლამენტში გასული კვირის ბიუროს სხდომაზე დაიგეგმა, თუმცა მასთან დაკავშირებით იურიდიულმა დეპარტამენტმა ტექნიკური ხარვეზები დააფიქსირა და მისი გამოსწორების მიზნით კანონპროექტი ავტორს უკან დაუბრუნდა.