ბიძინა ივანიშვილი:  რეგიონებში მიწების ნაწილი უცხოელებზეა მიყიდული

ბიძინა ივანიშვილი: რეგიონებში მიწების ნაწილი უცხოელებზეა მიყიდული

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, რეგიონებში მიწების ნაწილი უცხოელებზეა მიყიდული. 

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა და იქვე განმარტა, რომ ფიქსირდება შემთხვევები, როცა უცხოელებისთვის მიწა თავად გლეხებს აქვთ გადაცემული.

"არსებობს სხვადასხვა ტიპის პრობლემა. რაც ძალიან ხშირად ფიქსირდება არის ის, რომ უცხოელებზეა გაყიდულია მიწები და ეს ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. მაგრამ არის შემთხვევები, როცა გლეხებს საკუთარი მიწები თავად აქვთ მიყიდული უცხოელებისთვის და დღეს სურვილი აქვთ, რომ დაიბრუნონ.

ბევრი უსამართლობაა ჩადენილი, ხშირად საჭიროა სასამართლო, მაგრამ ისეთი შემთხვევებიცაა, სადაც რთული იქნება სამართლიანობის აღდგენა და სასამართლოს და ჩვენ გაგვიჭირდება პოზიციის დაჭერა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში სამართლიანობა აღდგება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ამასთან, პრემიერი სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგებასთან დაკავშირებით შექმილ პრობლემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხარვეზების მიუხედავად, ბარათებს ყველა ოჯახი მიიღებს.
"შეიძლება ამ პროცესის დროს მართლაც არის ხარვეზი და დარიგება დროში გაიწელა, მაგრამ ბარათები აუცილებლად ყველას დაურიგდება. ბევრი ოჯახი დაემატა, ვინც მიწების აღწერის დროს ვერ მოხვდა სიაში", - დასძინა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, მას მედიის წარმომადგენლებმა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის დახმარების შეჩერების საკითხზეც დაუსვეს შეკითხვა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ უმეტესობას დახმარება ისევ აღუდგება.

"დაახლოებით 3 ათას დაუცველ პირზეა საუბარი, რომელთაც ალბათ აღუდგება დახმარება. როგორც გავიგე, შეუწყვიტეს მათ, ვისაც ჰქონდათ სატელიტური თეფშები. ახლა გვინდა კანონში ცვლილება შევიტანოთ, რომ ამისთვის აღარ შეუწყდეთ დახმარება. მიდის ეს პროცესი და მე მგონი უმეტესობას აღუდგება", - აღნიშნა პრემიერმა.