ბიძინა ივანიშვილი: ლუკა კურტანიძეს რიტორიკის კულტურა აკლია

ბიძინა ივანიშვილი: ლუკა კურტანიძეს რიტორიკის კულტურა აკლია

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებვს, რომ მისი გუნდის ზოგიერთ წევრს კორექტულობის შენარჩუნება უჭირს. 

როგორც ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ლუკა კურტანიძესთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა, სიძულვილის ენა პირადად მათ ავტორებს ძალიან აზიანებთ.

"კურტანიძეს, მე პირადად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ, ვაღიარ რომ მას ცდომილებები ჰქონდა და ახლაც აქვს გამონათქვამებში და არა მარტო ლუკა კურტანიძეს. კიდევ შეიძლება სამეგობროში დავასახელოთ ისეთები, რომლებიც ვერ ახერხებენ კორექტულები იყვნენ. რა თქმა უნდა, ეს ცუდია, ეს ძალიან აზიანებს მათ პირადად, თუმცა ვფიქრობ, რომ ლუკა კურტანიძე ძალიან კარგი პიროვნებაა. თავშეკავებულობა და კორექტულობა, თუ გნებავთ რიტორიკის კულტურა აკლია, თუმცა არაა კაცმოძულე და ვერ ვიტყვი, რომ ცუდი კაცია, თუმცა ემოციებს ვერ ვიჭერთ ხშირად. ჩვენი პრეზიდენტიც ვერ ახერხებს ხოლმე ამას. ჩემგან არ ყოფილა მსგავსი შემთხვევები და მე ბუნებაში არ მაქვს ეს. ბუნებაში არ აქვს არც ლუკა კურტანიძესაც, გარწმუნებთ, ცდომილება მოდის საუბრის დონეზე", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე განმარტებით, ლუკა კურტანიძესა და ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ "ყურმოკვრით" იცოდა, თუმცა მისი ინფორმაციით, სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს "მეორე მხარის" ქმედება უფრო შეიცავდა.

"კონფლიქტის შესახებ ყურმოკვრით ვიცოდი, გეთანხმებით რომ კითხვები არსებობს, მაგრამ ჩემი ინფორმაციით სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს უფრო მეტად შეიცავდა მეორე მხარის ქმედება, ვიდრე კურტანიძის, მაგრამ რომელი მხარიდანაც არ უნდა იყოს, საქმის გამოძიება უნდა მივიდეს ბოლომდე", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სიძულვილის ენის გამოყენებისა და კოლეგა სპორტსმენთან კონფლიქტის შემდეგ კურტანიძისთვის რამდენიმე ათასი ლარის სახით პრემიის მიცემა ხომ არ ნიშნავს თანამდებობის პირების წახალისებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამას გამორიცხავს და დასძინა, - "კურტანიძის ინციდენტებს" და პრემიას ერთმანეთთან კავშირი არ აქვს.

"პრემია კავშირში არაა. შეიძლება ადამიანმა გამონათქვამი სწორად ვერ იხმარა, მაგრამ სამსახურში წარმატებული იყოს და პრემია ამის გამო არ შევუჩეროთ", - დასძინა პრემიერმა.