ბიძინა ივანიშვილი:  მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს

ბიძინა ივანიშვილი: მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს. 

"მთავრობის დათხოვნას ვერ გაბედავს. ის მიიღებს ღიმილს, მთელი საქართველო სიცილით მოკვდება. იქამდე, ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ჩავარდეს, ამან შეკრას "ნაციონალური მოძრაობა" ერთ მუშტად. გარწმუნებთ, სანამ სააკაშვილი ამით სარგებლობას დაიწყებს, მას გარიცხავენ ევროპული პარტიიდან, ეს თემა აიწევს მაქსიმალურად მაღლა ევროპაშიც და ამერიკაშიც და ის და მას საერთოდ დაეკარგება იმიჯი. გარეთ აღარ გაესვლება არც მას და არც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წევრებს, თუკი ისინი ამ დიქტატორული კანონის შენარჩუნებას დაუჭერენ მხარს. გარწმუნებთ, და ეს თემა, უკაცრავად და, აყროლდება იმ დონეზე, რომ თავი არ აეწევა არავის", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის მიერ მთავრობის დათხოვნის მცდელობის შემთხვევაში სიცილის შემდეგ, ის რისხვას მიიღებს.

"გარწმუნებთ, რომ ჯერ სიცილი არ გვეყოფა ქართველებს და შემდგომ, რისხვა შეიძლება მოჰყვეს ისეთი, რაც მარტივი გასაგებია. ამიტომაც მე თავს შევიკავებ გავაანალიზო პროცესები. ჩემი რწმენით, საკონსიტუტიცო ცვლილებები გავა და გარწმუნებთ, მთავრობის დათხოვნის ბერკეტის გამოყენებას სააკაშვილი ვერ გაბედავს", - დასძინა ივანიშვილმა, რომლის აზრითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, "ნაციონალები" მაქსიმალურ მარცხს მიიღებენ.