მოუხერხებელ ადგილას წიგნი არ იყიდება

მოუხერხებელ ადგილას წიგნი არ იყიდება

თბილისის ქუჩებში წიგნით მოვაჭრეები აღარ იქნებიან. დედაქალაქის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო და გასაკვირად სწრაფად მოხდა ამ გადაწყვეტილების აღსრულება. ბუკინისტებს თბილისის მერიამ დედა ენის ძეგლთან გამოუყო სპეციალური ადგილი, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალაქის ქუჩებიდან წიგნების გაქრობა უპირველესად წიგნის მოყვარულ ადამიანებს დააზარალებს.

 

დედაქალაქში ბუკინისტების დაბრუნების მოთხოვნით არაერთი ცნობილი ადამიანი გამოვიდა და ამ ყველაფერმა ერთგვარი მოძრაობის სახე მიიღო. ლიტერატორი – მალხაზ ხარბედია, ბუკინისტების მხარდამჭერთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია და ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ის და მისი თანამოაზრეები ბრძოლის ბევრ მეთოდს მიმართავენ, რათა ბუკინისტები თბილისის ქუჩებს დაუბრუნონ.

 

მალხაზ ხარბედია, ლიტერატორი:  - “ამ გადაწყვეტილებით, პირველ რიგში, რა თქმა უნდა საზოგადოება ზარალდება. მკითხველი ადამიანი, ვინც დღეგამოშვებით, კვირაში ერთხელ, ანდა ორ კვირაში ერთხელ მაინც ყიდულობს წიგნს და ვისთვისაც მხოლოდ წიგნების მაღაზიები საკმარისი არაა თავისი ბიბლიოთეკის შესავსებად.

 

გარდა ამისა, წიგნების ერთ, ძალზე მოუხერხებელ ადგილას კონცენტრირება ცუდად აისახება ზოგადად წიგნის ცნობადობაზე (თუ შეიძლება ასე ითქვას), ეს კი ნამდვილად არაა კარგი ნიშანი ქვეყნისთვის, სადაც ისედაც ძალიან დაბალია წიგნის mკითხველთა პროცენტი. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საზოგადოების დიდმა ნაწილმა მკვეთრად გამოხატა თავისი პროტესტი. სოციალურ ქსელში, “ფეისბუკი” ქუჩის ბუკინისტების მხარდაჭერების რიცხვმა ერთ დღეში ორი ათასს მიაღწია. ჯგუფი დღესაც ივსება.

 

როგორია ამ კუთხით ევროპული გამოცდილება? რამდენადაც ცნობილია, ევროპის ქალაქების ქუჩებში დაშვებულია წიგნით ვაჭრობა...

 

– რა თქმა დაშვებულია. ქუჩის ვაჭრობას ცხადია ქაოსური სახე არა აქვს, მაგრამ არც ის მოსვლია ვინმეს აზრად, რომ ერთ ადგილას გადაერეკა ეს ადამიანები და მხოლოდ იქ მიეცა წიგნით ვაჭრობის უფლება. ყველა უბანში, სადაც არსებობს ამის მოთხოვნილება, არსებობს ადგილები, ქუჩები, სადაც წიგნით ვაჭრობენ.

 

ეს არის ურბანული მრავალფეროვნების ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი. წიგნი არ უნდა იყოს თავმოყრილი მხოლოდ ერთ რომელიღაცა ადგილას, მას აქვს უფლება ყველგან იყოს, განსაკუთრებით ჩვენ დღევანდელ სიტუაციას თუკი გავითვალისწინებთ, როცა “წერა-კითხვის გავრცელების” იდეა ჯერ კიდევ არ კარგავს აქტუალობას.

 

საზოგადოებას ქალაქში ყველაფერი იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ არსებობენ წიგნები, რომ ისინი შენს გვერდით არიან, სადღაც ბიბლიოთეკის ჯურღმულებში კი არ არიან გამოკეტილი, არამედ მზის სინათლეზე არიან.

 

თბილისიდან ბუკინისტების აყრის ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგე იყავით და დღესაც ხართ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია ხელისუფლება წამოვიდეს დათმობაზე ამ კუთხით და რამდენად რეალურია ბუკინისტების ქალაქში დაბრუნება?

 

– რეალურია, თუკი ჩვენ ერთობლივად შევთანხმდებით რაღაც საკითხებზე. ყველა ამბობს, რომ ეს იყო ქალაქის ხელისუფლების მიერ მიღებული ძალიან ნაჩქარევი გადაწყვეტილება და ეს ამბავი სხვაგვარად უნდა გადაწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ. ის მდინარისპირას დამონტაჟებული ყუთები ისევ ისე დარჩება ცარიელი, ადგილი კი აუთვისებელი.

 

ორბელიანთა ყოფილი კუნძულის გაცოცხლება ზოგადად კარგი იდეაა, ამაში მე და ჩემს მეგობრებსაც შეგვიძლია წვლილის შეტანა, ბევრი საინტერესო აქციის და ღონისძიების მოწყობაა მანდ შესაძლებელი, მაგრამ ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ეს გაცოცხლება ვერ მოხდება ბუკინისტებისა და წიგნებით მოვაჭრეთა ხარჯზე. ეს ფიზიკურადაა შეუძლებელი.

 

ბუკინისტები თუ არ დააბრუნეს ქალაქში, კვლავ განაგრძობთ ბრძოლას? და რა მეთოდებით შეეცდებით ბუკინისტების დაცვას?

 

– ბრძოლის ძალიან ბევრი საინტერესო და მახვილგონივრული მეთოდი არსებობს. მე იმედი მაქვს მკითხველი საზოგადოების, წიგნების მოყვარულების და იმის, რომ ჩვენ არ ვიქნებით სწორხაზოვნები.

 

ბუკინისტებთან დაკავშირებით, თქვენს პოზიციას რომელი ქართველი მწერლები და ლიტერეტორები იზიარებენ? არიან ისეთები, სხვაგვარად რომ ფიქრობენ?

 

– ბუკინისტებთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას ძალიან ბევრი მოქალაქე იზიარებს. მე თავს უფლებას არ მივცემ ჩამოვთვალო ისინი, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ ერთი კვირის მანძილზე ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია, საჯაროდ თუ პირად საუბრებში, ჩვენს აზრს ასევე სრულად იზიარებს საქართველოს პენ-კლუბი.

 

დედაენის ძეგლთან დაგეგმილია ბუკინისტების მხარდამჭერი აქცია. ვინ აწყობს ამ აქციას და თქვენ და თქვენი მეგობრებიც თუ შეუერთდებით?

 

– ეს აქცია მე მგონი ისტორიაში უნდა შევიდეს, თუკი საერთოდ ჩატარდა. ეს არის ყველაზე აბსურდული აქცია, რომელიც კი ოდესმე გამართულა თბილისში. საქმე ისაა, რომ თბილისის საკრებულომ, რომელიც წიგნით მოვაჭრეების აყრისა და მათი ”გეტოში გამოკეტვის” ინიციატორი გახლდათ, დანიშნა “წიგნის პოპულარიზაციისა და წიგნით მოვაჭრეების მხარდასაჭერი აქცია”. წარმოუდგენელ უკუღმართობასთან გვაქვს საქმე!