ბიძინა ივანიშვილი - თითქმის ერთი თვეა ეს სახელი და გვარი ყველა მოვლენის თავშია მოქცეული. ერთი თვე ველოდით ჟურნალისტები მასთან შეხვედრას და უნდა ითქვას, იმის მიუხედავად, რომ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცა, ეს შეხვედრა გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობის აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდით - „მოდელირებული ქრონიკაც“ გვახსოვს და „მკითხავებიც“, მაგრამ ქართულ მედიას ასე ერთად, ასე აშკარად, არსად წარმოუჩენია საკუთარი ბნელი მხარე, როგორც ამ პრესკონფერენციაზე.
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების დიდი ნაწილი უკმაყოფილებას ვერ ფარავდა, ცოდვა გამხელილი სჯობს და მათ შორის - მეც, რომ კითხვის დასმის საშუალება არ მოგვეცა, მაგრამ რაც უნდა ბევრი ვამტკიცოთ, რომ პრესკონფერენცია არაორგანიზებულად და ქაოტურად ჩატარდა, ფაქტია, ამ არაორგანიზებული პრესკონფერენცით ბიძინა ივანიშვილმა ხელისუფლებას დიდი ანგარიშით მოუგო. სახელისუფლებო მედიის მცდელობამ, რომ ბრიყვული კითხვებით, ბიძინა ივანიშვილი თავის მართლების პოზაში ჩაეყენებინათ უკუშედეგი გამოიღო - თავად მოუწიათ თავის მართლება, ბიძინა ივანიშვილს კი იმხელა ფორა მისცეს, რომ ასეთი შედეგის მიღწევა საკუთრ პიარსაც გაუჭირდებოდა.
პრესკონფერენცია 16 საათზე იყო დანიშნული, თუმცა ჟურნალისტები საათნახევრით ადრე გვიხმეს რეზიდენციაში. ქართული და უცხოური მედიის 230-მდე წარმომადგენლის მობილიზებაც ამ დროისთვის დაიწყო რეზიდენციასთან და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის დაცვის წევრებს არავითარი დისკომფორტი არ შუქმნიათ ჩვენთვის, ჩვეულებრივ გავიარეთ ყველა პროცედურა და პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების (ყოველ შემთხვევაში - იმათი, ვინც ჩემს თვალსაწიერში მოხვდნენ) უბის წიგნაკები არავის შუმოწმებია.
მართალია სახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებმა განგაშის ზარებს შემოჰკრეს - საგანგებოდ დაგვჩხრიკეს, რითაც შეურაცხყოფილად ვიგრძენით თავიო, მაგრამ თუ კარგად გააანალიზებენ საკუთარ საქციელს (თუ ამის უნარი საერთოდ აქვთ), ალბათ, შეურაცხმყოფლებს საკუთარ რედაქციებში აღმოაჩენენ. არაპროფესიონალიზმი, თავხედობა, უზრდელობა, სიტუტუცე და სიბრიყვე, არ ვიცი შეიძლება თუ არა ერთ რომელიმე ეპითეტში ყველაფერი ერთად გაერთიანდეს, მაგრამ სწორედ ასე წარმოაჩინა თავი სახელისუფლებო მედიამ.
პრესკონფერენცია განსაზღვრულ დროს დაიწყო. ირაკლი ტრიპოლსკიმ პირველი სიტყვა ბიძინა ივანიშვილს მისცა. ბიზნესმენმა კიდევ ერთხელ, მოკლედ ისაუბრა ყველაფერ იმაზე, რაზეც პირველ განცხადებაში. ამის შემდეგ, საზოგადოებრივ ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შთანხმებისამებრ, პირველი კითხვის დასმის უფლება ამავე არხის ჟურნალისტს მიეცა. არ ვიცი რას გულისხმობდა შეთანხმება, მაგრამ ის, რაც საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტის, ნინო გომართელისგან მოვისმინეთ, კითხვა ნამდვილად არ იყო. ეს იყო მონოლოგი ივანიშვილის მედიასთან დამოკიდებულებაზე, მის „უტაქტობაზე“, აქ იყო დიდაქტიკა, მენტორი და სრული ისტერია, რომელმაც ჟურნალისტები ლამის, ისე გამოგვიყვანა წყობიდან, რომ ცოტაც და, დარბზში ფსტვენა ატყდებოდა.
თავად გომართელი ისე იყო აჭარხალებული და ანერვიულებული, ივანიშვილს მისი დამშვიდება მოუხდა. მაგრამ, ჟურნალისტს არაფერი ესმოდა, რადგან ყურებში, ალბათ, ხათუნა ბერძენიშვილის მუქარა ესმოდა - რომ რადაც უნდა დაჯდომოდა, ივანიშვილი წყობიდან გამოეყვანა. ივანშვილი კი, ღიმილით, თან - ამშვიდებდა და თან - პასუხობდა ჟურნალისტს, მაგრამ ამანაც არ გაჭრა, გომართელი მიკროფონს ცოცხალი თავით არ თმობდა.
პირველი წუთებიდან აშკარა, იყო რა განზრახვით იყო მოსული პრესკონფერენცაზე ნაციონალური მედია. რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი პრესკონფერენციას 40 წუთის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადასცემდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „რეალტვ“-ის, „itv.ge“-ს, „პრესა.გე“-ს, „ტაბულას“ და „პრაიმტაიმის“ ჟურნალიტებს, როგორც ჩანს, პირდაპირი მითითება ჰქონდათ, რომ სრულად გამოეყენებინათ მთელი საეთერო დრო, რომ მედიის სხვა წარმომადგენლებს კითხვის დასმის საშუალება არ მისცემოდათ და „ჩამჭრელი კითხვებით“ წყობიდან გამოეყვანათ ივანიშვილი... არ გამოვიდა.
ჯერ ერთი, პრესკონფერენცია საათნახევარი გაგრძელდა და იგი პირდაპირი ეთერით მთლიანად გადაიცემოდა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ნაცმედიამ ვერ შეძლო ივანიშვილის საკუთარ მოედანზე შემოტყუება, მმართველ გუნდს კი, თუნდაც ერთი, ისეთი ფრაზა სჭირდებოდა, რომელიც შემდეგ ივანიშვილის წინააღმდეგ შეეტრიალებდა. ამან განაპირობა ის, რომ პრესკონფერენცია ეთერიდან არ გათიშეს. მაგრამ, ვინაიდან ჟურნალისტებმა დავალებას თავი ვერ გაართვეს, საქმეში მძიმე არტილერია ჩაერთო - რედაქციებიდან მოსული დირექტივები ჟურნალისტებს აიძულებდა ადგილებიდან ელდანაკრავივით წამომხტარიყვნენ და როგორმე, მიკროფონს დაპატრონებოდნენ. საცოდავ მდგომარეობაში ჩავარდა „იმედის“ ჟურნალისტი ლიკა ბერაია, მიკროფონამდე რომ ვერ მიაღწია, ლამის, სცენაზე აუვარდა ივანიშვილს და ტრიპოლსკის, მაგრამ ყურებჩამოყრილი გააბრუნეს უკან.
თუმცა, რიგ შემთხვევაში, ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს მიკროფონის მოპოვება, რადგან მათთვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძლოა იმით დასრულებულიყო, რომ მიკროფონის დამტარებელი გოგონები თმებით ეთრიათ. მაგრამ, ორ ცეცხლს შუა მოქცეული ნაცჟურნალისტები ისე იყვნენ დაბნეულები, რომ ივანიშვილის პასუხებს არას დაგიდევდნენ (რომელსაც ნაციონალები ტელევიზორებთან საათნახევრის განმავლობაში დარაჯობდნენ), მთელი ენერგია „საშინელი“ კითხვების დასმის მცდელობას შეალიეს და, ასე თუ ისე, ნაციონალების გეგმა შეიძლება ითქვას, მაინც ჩააგდეს - ბიძინა ივანიშვილი კარგად მომზადებული და მობილიზებული აღმოჩნდა ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.
რაც შეეხება კითხვებს, ცუდი იყო თუ კარგი - დაისვა, და თითოეული კითხვის ავტორი არცერთი ის ჟურნალისტი არ ყოფლა, რომელიც მას ახმოვანებდა. მიკროფონთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ნუგზარ წიკლაური, ეკა ხერხეულიძე, ხათუნა ოჩიაური, ვახტანგ ბალავაძე, შოთა მალაშხია, პალიკო კუბლაშვილი, აკო მინაშვილი და ა.შ. განსაკუთრებით ღრმა შინაარსი ჩადო „რეალტვ“-ის კითხვაში გურამ დონაძემ. დონაძის ჟურნალისტმა ილაპარაკა პინგვინებზე, ბეღურებზე და მერცხლებზე და ბოლოს, ჩვენმა გამჭრიახობამ გვიშველა მივხვედრილიყავით, რომ დონაძეს ივანიშვილის წინააღმდეგ „ამერიკული სოფლის“ თემის წამოწევა ნდომებია, მაგრამ ივანიშვილის პასუხმა დონაძის ცისფერ ოცნებას ცივი წყალი გადაასხა.
ერთი სიტყვით, პრესკონფერენცია დასრულდა, რომლის ნახვის და შეფასების საშუალება თავადაც გქონდათ, მაგრამ კიდევ ერთ დეტალზე გვინდა ყურადღების გამახვილება - პრესკონფერენცის დასრულების შემდეგ საზოგადოებაში განხილვის თემა პრესკონფერენციის ორგანიზება და მისი ორგანიზატორები გახდნენ. ბევრი თვლის, რომ პრესკონფერენცია არ იყო კარგად ორგანიზებული და შესაძლებელი იყო, რომ ნაცჟურნალისტების წინააღმდეგ ბევრი დამცავი მექანიზმი ყოფილიყო გამოყენებული. შესაძლოა, მაგრამ ღირდა?
როდესაც მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუ მხოლოდ ორ ჟურნალიტთან ჩაწერა, ამაზე ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს არ იყო სწორი გადაწყვეტილება, რადგან „დავარცხნილი“ და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით ინტერვიუს ჩაწერა სააკაშვილის სტილია. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ, პირველ რიგში, იმით გამოიწვია საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომ მის განცხადებებში იგრძნობოდა ბუნებრივი, ადამიანური ემოციები, რაც ასე აკლია ქართულ პოლიტიკას და ჩვენი სურვილია თითოეულ ჟურნალისტთან, თუ მოქალაქესთან შეხვედრსას ასე გამოიყურებოდეს ივანიშვილი.
ამ პრესკონფერენციამ, სადაც წინასწარ არცერთი კითხვა არ ყოფილა შეთანხმებული და ცოცხლად მიმდინარეობდა, 1. ზღვარი უფრო მკაფიოდ გაავლო სახელისუფლებო და თავისუფალ მედიას შორის, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ივანიშვილის ხედვის მართებულობა. 2. კიდევ უფრო თვალნათელი გახადა ნაციონალიური გუნდის პანიკური მდგომარეობა. 3. გამოჩნდა, რომ ივანიშვილმა ადვილად აუღო ალღო ქართულ პოლიტიკურ რეალობას და, რაც მთავარია, დაგვარწმუნა, რომ მას შეუძლია გახდეს ისეთივე წარმატებული პოლიტიკაში, როგორი წარმატებულიც ბიზნესშია.
რაც შეეხება დაუსმელ კითხვებს, ვფიქრობთ, არც ესაა ტრაგედია, წინ საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაისვას ყველა ის კითხვა, რაც არასახელისუფლებო მედიის წარმომადგენლებს აქვთ და პირველ რიგში, საზოგადოებას აინტერესებს. ასე რომ, ყველაფერი შედეგით ფასდება და თუ გუშინდელ პრესკონფერენციის შედეგებით ვიმსჯელებთ, ბიძინა ივანიშვლმა სააკაშვილის გემი ძლიერად შეარყია.