მიმდინარე წლის 7 ნოემბერს, ბრიტანული ხმის ჩამწერი სტუდია “EMI” ლეგენდარული ჯგუფი “Pink Floyd”-ის ალბომის “Wish You Were Here” ახალ გაფართოებულ გამოცემას გამოუშვებს.
“Wish You Were Here” ჯგუფის რიგით მეცხრე სტუდიური ჩანაწერია და დღის სინათლე 1975 წლის 9 სექტემბერს იხილა. გამოსვლისთანავე ის დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მუსიკალურ ჩართებში დიდი ხნის განმავლობაში გალიდერდა. საინტერესოა, რომ ამ ნამუშევარში შესული კომპოზიცია “Shine On You Crazy Diamond” ჯგუფის გარდაცვლილი წევრის სიდ ბარეტის ხსოვნას ეძღვნებოდა.
დიდ ბრიტანეთში “Pink Floyd”-ის ზემოთდასახელებული ალბომი გაფართოებული ვერსიით გამოიცემა.
ხუთ დისკიანი გამოცემა მოიცავს 1974 წელს ჯგუფის მიერ ლონდონის “უემბლის” სტადიონზე ჩატარებული კონცერტის ჩანაწერს, მათ შორის კომპოზიცია “Shine On You Crazy Diamond”-ის 20 წუთიან შესრულებას. ამავე გამოცემაში შევიდა კომპოზიციები “Raving And Drooling” და “You've Got To Be Crazy”, რომლებიც 1975 წლის სტუდიურ ჩანაწერში ვერ მოხვდნენ და მოგვიანებით გადაკეთებული სახით ალბომში “Animal” შევიდნენ. ამჟამად მუსიკის მოყვარულები მათ პირვანდელი ვერსიის სახით მიიღებენ.
გამოცემაში წარმოდგენილი იქნება ჯგუფის ცხოვრების ამსახველი ფოტოალბომიც, რომელიც “Pink Floyd”-ის პირადი ფოტოგრაფის ჯილ ფურმანოვსკის მრავალწლიანი შრომის შედეგია.
ახალ გამოცემას თან ერთვის CD-ი დისკი, რომელშიც განთავსებულია ჯგუფის დღემდე უცნობი კომპოზიციები და სტუდიური მასალა.
უახლოეს მომავალში სტუდია “EMI” გამოუშვებს ალბომს “A Foot In The Door - The Best Of Pink Floyd”, რომელშიც ჯგუფის ყველაზე პოპულარული კომპოზიციები იქნება წარმოდგენილი.