თბილისში ხვალ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიხსნება

თბილისში ხვალ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიხსნება

თბილისში ხვალ საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი გაიხსნება. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა განაცხადა , ორდღიან ფორუმში მონაწილეობას ისრაელის 25 კომპანიის 60-ზე მეტი წარმომადგენელი მიიღებს. 

ფორუმის სახელწოდებაა "Georgian Gateway 2013" და როგორც ისრაელის ელჩმა აღნიშნა, ის ისრაელისა და ქართულ კომპანიებს ბიზნესთანამშრომლობის გაღრმავების უნიკალურ შესაძლებლობას მისცემს.

იუვალ ფუქსის ინფორმაციით, ისრაელის დელეგაცია მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, კომუნიკაციებისა და ფარმაცევტულ დარგში მომუშავე კომპანიებისა და ინვესტორებისგან შედგება.
ელჩმა თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და პრემიერ-მინისტრს.

"ბიზნესფორუმის მუშაობაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები. ფორუმი არის კარგი საშუალება ბიზნესურთიერთობის გამყარებისთვის და ის საფუძველს ჩაუყრის იმას, რომ ისრაელი საქართველოსთვის საუკეთესო სავაჭრო პარტნიორების ათეულში შევიდეს. ჩვენ ფოკუსირებული ვიქნებით ამაზე, რადგან დროა, კარგი ურთიერთობიდან გადავიდეთ თანამშრომლობაზე, მეგობრობიდან - პარტნიორობაზე. ამისთვის საკმაოდ კარგი საფუძველი არსებობს და ეს საფუძველია ორ ერს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ქვეყნებს შორის ურთიერთობაზეც აისახება", - განაცხადა იუვალ ფუქსმა.

ელჩის განმარტებით, არ აქვს მოლოდინი, რომ უახლოეს დღეებში მოხდება ძირეული ცვლილებები ურთიერთობებში, თუმცა ფორუმი კარგი საშუალებაა თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

როგორც BDO ისრაელის წარმომადგენელმა, ნიცან ვაიზმანმა აღნიშნა, საქართველოში ამ ეტაპზე ისრაელის 50 კომპანია მუშაობს.

"ისინი მუშაობენ საცალო ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და უძრავი ქონების სფეროში. რამდენიმე კომპანია, რომელსაც ფორუმზე იხილავთ, აპირებს საქართველოში ქარხნების აშენებას, საცალო ვაჭრობის ახალი ობიექტების გახსნას და საკომუნიკაციო კომპანიების ჩამოყალიბებას", - განაცხადა ნიცან ვაიზმანმა.

საქართველო-ისრაელის ბიზნესფორუმი ისრაელის საელჩოს, BDO საქართველოს, BDO ისრაელისა და Georgian Gateway-ს ორგანიზებით იმართება.