"ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონპროექტი შესაძლოა, ძალაში უკანა რიცხვით შევიდეს

"ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებები შესაძლოა, 2012 წლის 1-ელი ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდეს. 

საქმე ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას ეხება, რომლის თანახმადაც, ნავთობის ეროვნული კომპანიის წილის 50%-ზე მეტის მფლობელი სახელმწიფოსთან ერთად, შესაძლოა სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოც გახდეს. ამავე პროექტის გათვალისწინებით, კანონი გამოქვეყნებისთანავე უნდა ამოქმედდეს და 2012 წლის 1-ელი ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე გავრცელდეს.

როგორც ამასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილებების მომზადება და მისი წინა თვეებში წარმოშობილ ურთიერთობებზე ასახვის ინიციატივით გამოსვლა "გაზისა და ნავთობის კორპორაციის" "საპარტნიორო ფონდისთვის" გადაცემამ განაპირობა, რაც სწორედ გასულ წელს მოხდა. თავის მხრივ პარლამენტის შესაბამისი - დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი და მისი ხელმძღვანელი ზურაბ ტყემელაძე სამინისტროსგან ამომწურავი პასუხის მიღებას ითხოვს და იმის გაცნობის საჭიროებას ხედავს, თუ რა ვალდებულებებია აღებული 2012 წლის 1-ელი ივლისიდან დღემდე, როცა კანონი უნდა შეიცვალოს და ჩასწორდეს.

"მოხდა ის, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაცია, რომელიც 1-ელი ივლისიდან 100%-ით "საპარტნიორო ფონდს" გადაეცა, ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციებს ახორციელებდა. "გაზისა და ნავთობის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომ საქართველოს ნავთობის კომპანიის ფუნქციების მატარებელი კომპანია უნდა იყოს სახელმწიფო წილობრივ მფლობელობაში და არა სახელმწიფოს შვილობილი კომპანიის წილობრივ მფლობელობაში, როგორიც საპარტნიორო ფონდია. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ სახელი დაექვას იმას, რომ დღეს გაზისა და ნავთობის კორპორაცია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ არის პირდაპირ მფლობელობაში, არამედ არის სახელმწიფოს არაპირდაპირ მფლობელობაში, მაინც არის საქართველოს ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციის მატარებელი. ასევე მთავრობა თანხმდება, რომ წინა თარიღითაც, ანუ გასული წლის 1-ელი ივლისიდან ვაღიაროთ, რომ ის იყო ამ ფუნქციის მატარებელი და აქ დარღვევა არ იყო", - განუმარტა "ინტერპრესნიუსს" ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა.

ზურაბ ტყემელაძემ ამ თემაზე "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთმნიშვნელოვნად აღნიშნა, რომ ითხოვს, დამატებითი ინფორმაციების მიღებას იმის შესახებ, თუ რა ფუნქციები აქვს შესრულებული გაზისა და ნავთობის კორპორაციას ნავთობის ეროვნული კომპანიის ფუნქციების ფარგლებში.

"ეს არის კომპანია, რომელიც გადაეცა და რომელსაც მართავს "საპარტნიორო ფონდი". ბუნებრივია, იყო ვაკუუმი და როგორც ჩანს, მთელ რიგ ოპერაციებს არაუფლებამოსილი პირი ახორციელებდა. საკითხს ისე, რომ არ ვიცოდეთ, რა არის და როგორ არის, მხარს ვერ დავუჭერ", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ზურაბ ტყემალაძემ.

"ნავთობისა და გაზის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს პარლამენტმა I მოსმენით - პრინციპების დონეზე მხარი გასული კვირის სესიაზე დაუჭირა. აღნიშნული საკითხი კი, მსჯელობისა და დიკუსიის საგანი მისი II მოსმენით განხილვისას გახდება.