კობა დავითაშვილი:      ბიძინა ივანიშვილის კოტე კუბლაშვილთან შეხვედრა შეცდომა იყო

კობა დავითაშვილი: ბიძინა ივანიშვილის კოტე კუბლაშვილთან შეხვედრა შეცდომა იყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა დავითაშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილთან შეცდომა იყო. 

ამის შესახებ კობა დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"შეცდა ბატონი ბიძინა. მე არ მერიდება კოლეგები გავაკრიტიკო და თუნდაც კოალციის ლიდერი, როდესაც ის შეცდომას უშვებს. ბიძინა ივანიშვილმა სამართლიანად თქვა და მოუწოდა მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს - ნუ ელაპარაკებიან დასავლეთს, ელაპარაკონ ხალხს. მე მეჩვენება, რომ კუბლაშვილთან შეხვედრა სწორედ ისეთ ფორმატში, რომ ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობის პატივისცემა - იყო შეცდომა. ვინც ეს ურჩია პრემეირს და დაარწმუნა, რომ ეს იქნებოდა კარგი ნაბიჯი და ამით ვიღაცის გულს მოვიგებდით, მგონია, რომ არასწორი რჩევა მისცა. იმიტომ, რომ სააკაშვილის ლობისტების გულს მაინც ვერ მოვიგებთ, იმათ თავისი დარდი აქვთ. მათ არ აწყობთ სააკაშვილის და მისი გუნდის დანაშაულის გამომჟღავნება, რადგან ასეთ შემთხვევაში მოუწევთ პასუხისმგებლობა საკუთარი ამომრჩევლის წინაშე - თუ რაზე ხარჯავენ ამერიკელი თუ ევროპელი გადასახადის გადამხდელების ფულს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.

კობა დავითაშვილი ასევე გამოეხმაურა ვენეციის კომისიის დასკვნასაც. ის აცხადებს, რომ არ იცნობს კომისიის დასკვნას და არც აპირებს მის წაკითხვას.

"არ წამიკითხავს ვენეციის კომისიის დასკვნა და არც ვგეგმავ, იმიტომ, რომ მიმაჩნია ჩვენზე კარგად არავინ იცის, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩემთვის ვენეციის კომისიის დასკვნისთვის კანონპროექტის განხილვის შეჩერება, იმ კანონპროექტის, რომელსაც მთელი საზოგადოება ელოდება. ჩვენ აგვირჩიეს არა სოციალური დაპირებებისთვის, არამედ მართლმსაჯულების განსახორციელებლად და მართლმსაჯულება ვერ ხორციელდება იმიტომ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილი აკონტროლებს სასამართლოს და მისი ჯიბის მოსამართლეები ზიან იქ. როდესაც უგულავას, ახალაიას და სხვებს ასამართლებს მათი "პადელნიკი" მოსამართლე, ეს არ არის მართლმსაჯულება", - აცხადებს დავითაშვილი.

დეპუტატი ასევე მოუწოდებს პროკურატურას, სასამართლო რეფორმის განხორციელებამდე შეაჩეროს საქმეების წარმოება.

დავითაშვილმა დღეს ჟურნალისტებს ასევე განუცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა უმრავლესობას უკვე აქვს.

"მე ვიცი, რომ "ნაცმოძრაობის" ნაწილი მზად არის მისცეს ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებს, მეორე ნაწილი კი ცდილობს არ ჩამორჩეს პირველ ნაწილს. იანვრიდან მოყოლებული ჩვენ გვყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, მაგრამ ჩაითვალა, რომ თუ ოპოზიციაც მისცემს ხმას, ეს პოლიტიკურად გამართული ქმედება იქნება, ამიტომ ხდება დალოდება, ფერება და თავზე ხელის გადასმა", - განაცხადა დავითაშვილმა.