გურამ ოდიშარია:   ავ თუ კეთილ მეზობელთან კულტურა პირველი შიკრიკია

გურამ ოდიშარია: ავ თუ კეთილ მეზობელთან კულტურა პირველი შიკრიკია

როდესაც გაქრა დიალოგი, სწორედ მაშინ გავარდა პირველი ტყვია, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ ანსამბლ "ერისიონის" მიერ რუსეთში გამართული გასტროლების კომენტირებისას განაცხადა. 

ოდიშარიას თქმით, საქართველოს მთავრობას ავ თუ კეთილ მეზობელთან კეთილი ურთიერთობა სურს და "კულტურა პირველი შიკრიკია, რომელსაც ეს სიგნალი მიაქვს".

"მამაჩემი მეორე მსოფლიო ომის ოფიცერი იყო და იხსენებდა, რომ იმ დროს, როდესაც ფაშიზმს ებრძოდა საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის რადიოში ხშირად იყო გერმანული მუსიკა, - ბახი, ბეთჰოვენი, მოცარტი, ვაგნერიც კი, რომელიც ჰიტლერს ძალიან უყვარდა. ანუ ვებრძოდით ქვეყანას და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ ვებრძვით თქვენს არასწორ, საზიზღარ პოლიტიკას, მაგრამ ჩვენ არ ვებრძვით თქვენს კულტურას. კულტურა ყველაზე მაღალია, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე და ჩვენ ჩვენს მეზობელთან, ყველასთან, ავი მეზობელია თუ კეთილი - ყველასთან კეთილი ურთიერთობა გვინდა და კულტურა არის პირველი შიკრიკი, რომელსაც ეს სიგნალი მიაქვს. ამას იგებენ, მას თავისი ენა აქვს და თარგმნა არ სჭირდება. სწორედ ამ ენით, გვინდა ავაგოთ ჩვენი მომავალი ურთიერთობები, დავიბრუნოთ ტერიტორიები, გადავწყვიტოთ ყველაზე მძიმე პრობლემები და ასე შემდეგ. დიალოგის გარეშე ეს წარმოუდგენელია. როდესაც გაქრა დიალოგი, სწორედ მაშინ გავარდა პირველი ტყვიაც", - განაცხადა ოდიშარიამ.

მისი თქმით, "ერისიონი", "სუხიშვილები" და სხვები დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და მათ აქვთ უფლება, ნებისმიერ ადგილას წავიდნენ და წარმოაჩინონ ქართული საუკუნეებგამოვლილი კულტურა, რითაც ქვეყანა ამაყობს.

"ჩვენ გვიცნობენ ჩვენი კულტურით, ჩვენ "მერსედესებს" და "ჯიპებს" არ ვაკეთებთ. ჩვენი სიამაყე არის ეს. მეტი საქართველო ყველგან - ეს ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ ვეუბნებით - წადით, იარეთ", - განაცხადა კულტურის მინისტრმა.