კახა კოჟორიძე:   ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს შემდგენლობა განახლდება

კახა კოჟორიძე: ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს შემდგენლობა განახლდება

იუსტიციის სამინისტროს შემუშავებული კანონპროექტის ძირითადი არსი ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, კახა კოჟორიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, არის საკითხები, რომლებზეც ვენეციის კომისიას აქვს განსხვავებული მოსაზრებები, მათ შორის - უნდა დაიშალოს თუ არა დღეს მოქმედი იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა ვადაზე ადრე.

"ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მოსაზრებაა, რომ ეს მუხლი უნდა ამოვიდეს კანონიდან და ყველა სახლში არ უნდა წავიდეს. მაგრამ, ის საკითხი, რომ პრეზიდენტის მიერ საბჭოს წევრების დანიშვნა არ უნდა მოხდეს, ეს ვენეციის კომისიის მიერ მოწონებულია", - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ასევე მოწონებულია ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, ადვოკატთა ასოციაციის თუ იურიდიული ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეეძლებათ საბჭოს წევრები გახდნენ.

"ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, იუსტიციის საბჭოს შემდგენლობა განახლდება. რა თქმა უნდა, ყველას შეცვლას კომისია მხარს არ უჭერს, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება", - დასძინა კახა კოჟორიძემ.