ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, იუსტიციის საბჭოს წევრებს მანდატის დასრულების საშუალება მიეცეთ

ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, იუსტიციის საბჭოს წევრებს მანდატის დასრულების საშუალება მიეცეთ

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ წევრებს მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება. თუმცა, შესაძლებელია, გარდამავალი ზომების მიღება, რომელიც დააახლოებს მოქმედ შემადგენლობას საბჭოს დაკომპლექტების მომავალ მეთოდებთან.

მაგალითად, იმის დანერგვა, რომ სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეები უნდა გადადგნენ ამ პოზიციებიდან იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში დარჩნენ. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის ნაცვლად, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშვნის პროცედურის აღმოფხვრაც შესაძლოა, განხორციელდეს მოსამართლეთა კონფერენციის შეთანხმებით, რომ დაამტკიცონ ეს დანიშვნები. ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია აღნიშნული. 

როგორც კომისიის დასკვნაში წერია, კანონპროექტის თანახმად, ახალი კანონის ძალაში შესვლისთანავე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების უფლებამოსილება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გარდა შეწყვეტილია.

"ვენეციის კომისიის საქართველოში ვიზიტისას გახდა ცნობილი, ამ ზომების მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მოქმედ აღმასრულებელ საბჭოში იმდენი ნაკლოვანებაა, რომ ნებისმიერი მნიშვნელოვანი იურიდიული რეფორმა, რომელიც შეიძლება გატარდეს, უნდა მოხდეს საბჭოს შემადგენლობის სრული შეცვლით. კომისია აღნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუნქციაა, დაიცვას მოსამართლეები პოლიტიკური ზეგავლენისგან. ამიტომ, შეუსაბამო იქნება იუსტიციის საბჭოს სრულად განახლება საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ორგანული კანონი უფლებამისილების ოთხწლიან ვადას განსაზღვრავს. ამ პირობას არ აქვს კონსტიტუციური საფუძველი. მოქმედი კანონი, ისევე როგორც, ცვლილებების პროექტი, განსაზღვრავს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის მანდატის ვადამდელი შეწყვეტის საფუძვლებს. თუმცა, არც ერთი მათგანი არ მოიცავს ნორმებს, რომლის თანახმადაც, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მანდატი უნდა შეწყდეს, როდესაც დანიშვნის პრეცედურა იცვლება",-აღნიშნულია დასკვნაში.

ვენეციის კომისიის აზრით, საკუთარი იურიდიული უფლების გამოყენებისას, მართლმსაჯულების სამომავლო დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების განსაზღვრაში პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომლებიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას. საბჭოს ყველა წევრის ვადაზე ადრე შეცვლა შექმნის პრეცედენტს ყოველი მორიგი მთავრობისთვის ან ნებისმიერი ახალი პარლამენტისთვის, რომელიც არ ამართლებს საბჭოს არსებულ შემადგენლობას, რომ ნაადრევად შეუწყვიტოს მას უფლებამოსილება და ჩაანაცვლოს ახალი საბჭოთი. ბევრ შემთხვევაში ასეთი სწრაფი ცვლილება აღძრავს ეჭვს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან არის მიზანი, რომ გავლენა მოახდინონ იმ საქმეებზე, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოს გადაწყვეტილების მოლოდინშია. მიუხედავად იმისა, რომ კომისიისთვის გახდა ცნობილი, რომ საქართველოში მომლოდინე რეჟიმში მყოფი საქმეები არ არსებობს, ასეთი ცვლილებები მაინც წუხილს აღძრავს.

კომისია აღნიშნავს, რომ "კანონის უზენაესობასთან შესაბამისობა არ შეიძლება შეიზღუდოს იმ დონემდე, რომ კონსტიტუციის მხოლოდ ფორმალური და გარეგანი ნორმების შესრულდეს. ასევე, ეს განსაზღვრავს კონსტიტუციურ ქცევასა და პრაქტიკას, რომელიც აადვილებს ფორმალურ წესებთან შესაბამისობას ყველა კონსტიტუციურ ორგანოს და მათ შორის ურთიერთპატივისცემას. კომისია კარგად იაზრებს იმ დილემას, რომლის წინაშეც საქართველოს ხელისუფლება დგას. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა არადამაკმაყოფილებლად გამოიყურება, ვენეციის კომისია რეკომენდაციას იძლევა, რომ წევრებს მიეცეთ თავიანთი მანდატის დასრულების საშუალება. თუმცა, შესაძლებელია, გარდამავალი ზომების მიღება, რომელიც დააახლოებს მოქმედ შემადგენლობას საბჭოს დაკომპლექტების მომავალ მეთოდებთან. მაგალითად, იმის დანერგვა, რომ სასამართლოების მოქმედი თავმჯდომარეები უნდა გადადგნენ ამ პოზიციებიდან იმისთვის, რომ იუსტიციის საბჭოში დარჩნენ. მოსამართლეთა კონფერენციის მიერ არჩევის ნაცვლად, ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშვნის პროცედურის აღმოფხვრაც შესაძლოა, განხორციელდეს მოსამართლეთა კონფერენციის შეთანხმებით, რომ დაამტკიცონ ეს დანიშვნები".

ვენეციის კომისიის დასკვნა "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში ცვლილებების შესახებ დღეს გახდა საჯარო.