"ერისიონის" დასახვედრად თბილისის აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბენ

სახელმწიფო ანსამბლ "ერისიონის" დასახვედრად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოქალაქეები შეიკრიბნენ. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აეროპორტის მოსაცდელში ათეულობით ადამიანია შეკრებილი, რომლებსაც თან აქვთ პლაკატები: "ერისიონი" ერის სიამაყეა". მათ ასევე აცვიათ მაისურები წარწერით: "მე ერისიონელი ვარ". 

როგორც მათ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს, "ერისიონის" მხარდასაჭერად მივიდნენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

ამასთან, აეროპორტის შესასვლელთან ათეულობით პოლიციელია მობილიზებული.

გარდა ამისა, აეროპორტის შესასვლელთან იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც ასევე ანსამბლის ჩამოსვლას ელოდებიან, თუმცა არ აკონკრეტებენ, "ერისიონის" მხარდასაჭერად არიან მისული, თუ - რუსეთში ანსამბლის გასტროლების გასაპროტესტებლად.

ანსამბლმა "ერისიონმა" კონცერტები მოსკოვში გუშინ და გუშინწინ გამართა. ანსამბლი თბილისის მიმართულებით "ვნუკოვოს" აეროპორტიდან გამოფრინდა და თბილისში თვითმფრინავი უახლოეს ხანში დაჯდება.