ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო პროგრამას აკრიტიკებს

ზურაბ ჭიაბერაშვილი სადაზღვევო პროგრამას აკრიტიკებს

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრი და კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი ახალი ხელისუფლების სადაზღვევო პროგრამას აკრიტიკებს. როგორც ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე 

ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ახალი სადაზღვევო პროგრამა მძიმე დაავადებებს და გეგმურ ოპერაციებს არ აფინანსებს. შესაბამისად, მისი თქმით, მოქალაქეებს საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსება საკუთარი ან ახლობლების ჯიბიდან უწევთ.

გარდა ამისა, ჭიაბერაშვილის აზრით, პრობლემა იქმნება თბილისის ამბულატორიებსა და პოლიკლინიკებში. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადება იმის შესახებ, რომ მოქალაქეს სურვილისამებრ შეუძლია აირჩიოს პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაცია, მათ შორის ერთგვარ კონკურენციას გამოიწვევს, რათა რაც შეიძლება მეტი პაციენტი მიიზიდონ. შესაბამისად, კლინიკების ნაწილს პაციენტთა რაოდენობა შეუმცირდება. ჭიაბერაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ თითო პაციენტიდან ექიმი 81 თეთრს იღებს.

რაც შეეხება სადაზღვევო კომპანიებს, როგორც ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, წინა ხელისუფლებამ შექმნა მედიაციის სამსახური, რომლის მეშვეობითაც სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემებსა და გაუგებრობებს არეგულირებდა.

მისი თქმით, 2012 წლის აგვისტოდან დღემდე მედიაციის სამსახურმა 5 მილიონი ლარის დავა მოაწესრიგა სამედიცინო დაწესებულებებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მედიაციის სამსახური კარგად მუშაობს, ხოლო ეჭვქვეშ დგება ახალი ხელისუფლების მიერ სადაზღვევო ფონდის ჩამოყალიბება, ვინაიდან ახალ სადაზღვევო პროგრამაში გათვალისწინებული არ არის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი პრობლემების საკითხი.