"ქართველ მუსლიმთა კავშირი": მოუწოდებთ ყველა მოქალაქეს, არ დავძაბოთ მდგომარეობა

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართველ მუსლიმთა კავშირი" ბათუმში მწერალთა კავშირში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტარიელ ნაკაიძის მიერ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"სამწუხაროდ, აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ და ზოგიერთმა წევრმა თავიანთი უტიფარი და სამარცხვინო განცხადებით კიდევ ერთხელ დაადასტურეს ქართველი მუსლიმების მიმართ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება. ქართველ მუსლიმებსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს უწოდეს მატყუარა, იმის გამო, რომ მათ განაცხადეს ის რეალობა, რაც ბათუმში არსებულ მეჩეთში არსებობს, რომ ადგილის სიმცირისა და მუსლიმი მრევლის სიმრავლის გამო, მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს. მწერალთა კავშირის ამ სამარცხვინო განცხადებამ აღაშფოთა ქართველი მუსლიმები. მოცემულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ პრობლემა არა მეჩეთის სახელწოდებას, არამედ მეჩეთის მშენებლობას უკავშირდება. სამწუხარო და დასანანია, რომ ქართველ მუსლიმებს ასე უსამართლოდ გვიპირისპირდებიან ჩვენი ქართველი ქრისტიანი ძმები. ნიშანდობლივია საქართველოს მთავრობის კერძოდ, პრემიერ-მინისტრის დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც გვაძლევს პირობას ქალაქ ბათუმში მეჩეთის ქართული ფინანსებით მშენებლობის შესახებ.

მოუწოდებთ საქართველოს ყველა მოქალაქეს, მოვიქცეთ გონივრულად, არ დავძაბოთ მდგომარეობა, არ მოხდეს რელიგიათა შორის შუღლის გაღვივება, რომელმაც შეიძლება ჩვენი ქვეყანა დააზარალოს და საქართველოს დემოკრატიული განვითარება შეიყვანოს ჩიხში.

ქართველი მუსლიმები გამოვიყენებთ ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ პოზიციას და ბოლომდე ვიბრძოლებთ ბათუმში მეჩეთის აშენებისათვის. აქვე მოვუწოდებთ ქართველ მუსლიმებს, ვიყოთ გონივრულები და არ წამოვეგოთ საქართველოს მტრების პროვოკაციებს.

აგრეთვე ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, დროულად იმოქმედოს და ქართველ მუსლიმებს გამოგვიყონ ქართული მიწა ქართული მეჩეთის მშენებლობისთვის, იქ სადაც ქართველი მუსლიმების სურვილია და არა ქალაქ ბათუმის გარეუბნებში, რაც არ შეესაბამება ჩვენ მოთხოვნილებებსა და სურვილს.

აქვე ვთხოვთ, ყველა საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობოებსა და უფლებადამცველ ორგანოებს, დიპლომატიურ კორპუსს, დროულად და მყისიერად ჩაერთონ და დაგვეხმარონ, რათა დაპირისპირებამ არ მიიღოს უფრო რთული ფორმები და აღსრულებული იქნას საქართველოს კონსტიტუციით ჩვენზე მონიჭებული აღმსარებლობის შესახებ უფლებამოსილებების რეალიზება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გუშინ აჭარაში მცხოვრებმა მწერლებმა ბათუმში მეჩეთის მშენებლობის საკითხი გააპროტესტეს. მწერლები ბათუმის მწერალთა კავშირის შენობაში შეიკრიბნენ და აღნიშნეს, რომ ახალი მეჩეთის მშენებლობა საჭირო არ არის. როგორც პოეტმა ვახტანგ ღლონტმა განმარტა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსახლეობაში გამოკითხვა უნდა ჩატარდეს.
"სამშობლო მხოლოდ პოლიტიკოსებს არ ეკუთვნით, ხალხს უნდა დავეკითხოთ პირველ რიგში, ასე აკეთებენ ცივილიზებულ ქვეყნებში. თუ იქნება ხალხისგან ეს მოთხოვნა, მათ შეუძლიათ ადგილზე გაფართოვდნენ", - აღნიშნა ვახტანგ ღლონტმა.