პაატა ზაქარეიშვილი:  პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია

პაატა ზაქარეიშვილი: პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ გუშინ მიღებული რეზოლუცია ძალიან მნიშვნელოვანია. 

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ მკაფიოდ და ცალსახად განსაზღვრავს ქვეყნის ხელისუფლების საგარეო ვექტორს, არამედ იმიტომაც, რომ არსებობს პოტენციალი - მნიშვნელოვან საკითხზე ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის იყოს ერთიანი, შეჯერებული პოზიცია.
როგორც ზაქარეიშვილმა განაცხადა, მადლობას უხდის პარლამენტს, რომ მის მიერ ინიცირებული პოზიციის დოკუმენტში აისახა.

"პრეამბულაში მკაფიოდ არის აღნიშნული, რომ პარლამენტი ადასტურებს საქართველოს ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის დროს აიღო", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, აფხაზური და ოსური მხარე რუსეთის მეცადინეობით მუდმივად საუბრობენ ძალის არგამოყენების შესახებ, ორმხრივი ე.წ. შეთანხმების გაფორმების თაობაზე და ხშირად აპელირებენ, რომ ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგში მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება გააკეთა.

"ეს იყო მართდაც ზეპირსიტყვიერი, თუმცა ეს იყო სერიოზული პოლიტიკური განცხადება",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ასევე პრობლემა იყო იმაშიც, რომ აფხაზური და ოსური მხარეები არ ენდობოდნენ მიხეილ სააკაშვილს და მათი აზრით, ის იყო ადამიანი, "რომელიც ჩართული იყო პროცესებში, რომელსაც ომი მოჰყვა". ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზურ და ოსურ მხარეებს ასევე მიაჩნდათ, რომ სააკაშვილის განცხადებები, მით უმეტეს ომის შემდეგ, იყო ყალბი და ფარისევლური.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ახალ მთავრობას სჭირდებოდა ამ პოზიციის განეიტრალება.

"დოკუმენტი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც არსებობს ფუნდამენტურ საკითხებში მიუღებლობა ძველ და ახალ ხელისუფლებას შორის, მაშინ როდესაც რთული კოჰაბიტაციაა, ამ ფონზე ძალიან კარგია, რომ არსებობს სერიოზული თემები, სადაც ჩვენ გვაქვს საერთო პოზიციები", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა გუშინ ერთხმად – 96 ხმით, მიიღო. დოკუმენტი უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მხარადჭერით გავიდა.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულატაციები პროექტის სესიაზე გატანის წინაც გაიმართა, რომლის შედეგად მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლეს.