ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარისთვის და უმცირესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

ზურაბ ტყემალაძის ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარისთვის და უმცირესობისთვის მიუღებელი აღმოჩნდა

საჯარო სამსახურებში, თანამდებობებზე მოხელის დანიშვნა-დაწინაურების შესახებ დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის მიერ შეთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივა ერთნაირად მიუღებელი აღმოჩნდა საპარლამენტო უმცირესობისთვის და პარლამენტის თავმჯდომარისთვის. 

საქმე "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება, რომლის ინიციატორიც ტყემალაძეა და რომლის თანახმად, საჯარო სექტორში პირის სამსახურეობრივი დაწინაურება და მისი მაღალ თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ შეიძლება მოხდეს. დეპუტატმა კანონმდებლებს ცვლილებების შეტანა მოხელის სამსახურეობრივი დაწინაურების წესშიც შესთავაზა და გამოვიდა წინადადებით, რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე ის მოხელე იქნას წამოყენებული, რომელიც დაკავებულ თანამდებობაზე ერთი წელი მაინც მსახურობდა. მოგვიანებით, მაღალ თანამდებობაზე მოხელის დანიშვის წესში ტყემალაძემ გარკვეული კორექტირება შეიტანა და პარლამენტს შესთავაზა, რომ მოხელის თანადებობრივი წინ წაწევის პირობა, თანამდებობაზე მისი ერთწლიანი სამსახურის გარდა, თავის დროზე საჯარო სექტორში კონკურსის წესით მიღებაც ყოფილიყო, თუმცა აღნიშნულ ინიციატივას უმცირესობის კრიტიკის გარდა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება დავით უსუფაშვილის მხრიდანაც მოჰყვა.

აღნიშნულ პროექტში ნეპოტიზმისა და ადამიანების ნაცნობობითა და ნათესაური კავშირებით დაწინაურების საფრთხეს ხედავენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, რომლებმაც პარლამენტში საკითხის განხილვისას ინიციატორს მიმართეს კითხვით, "რატომ და რისთვის ცდილობს, ამ ცვლილებების მიღებას". მათი შეფასებით, წარმოდგენილი ინიციატივა კონკურსის წესის გაუქმებას ნიშნავს და საჯარო მოხელეს კონკურსისთვის გვერდის ავლის საშუალებას აძლევს.

პროექტში საჯარო სამსახურების "ჩაკეტვის" საფრთხე დაინახა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.

"თუკი რაღაც თანამდებობაზე ვაკანსია ჩნდება, ხელმძღვანელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული, ვის დანიშნავს ის. ვინმეს დაწინაურების საკითხი ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს, თუ აუცილებელია იყოს წინასწარი ატესტაციით გამოვლენილი, განსაკუთრებით ღირებული თანამშრომელი, რომელსაც ჯილდო და დამსახურებები აქვს მიღებული და რომელიც არათუ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას, არამედ დასაწინაურებელიც არის. სხვა შემთხვევაში, მართლა არსებობს ხიფათი, რომ თუკი ვთქვათ, დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა გათავისუფლდება, ზევით აიწევს და გადანაცვლებს სამმართველოს უფროსი, შემდეგი სხვა - კიდევ ზევით და ასე შემდეგ. საჯარო სამსახურებში კონკურსები კი შესაძლოა მხოლოდ ქვედა რგოლებში დარჩეს. გამოცხადებულ კონკურსში სამსახურის შიგნით მყოფი, კარგად გარკვეული და ჩამოყალიბებული სპეციალისტი მონაწილეობას თუკი მიიღებს და წინ კონკურსის გზით წაიწევს, მაშინ რაშია პრობლემა?! მივდივართ იქამდე, რომ დამატებითი თავის ტკივილი კონკურსია, თორემ მასში მონაწილეობა დასაწინაურებელ მოხელესაც შეუძლია! თუკი ასე მარტივად ვიტყვით, რომ ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ, შეგვიძლია დავაწინაუროთ ნებისმიერი თანამშრომელი, რომელიც თავის დროზე ქვედა თანამდებობებზე კონკურსის გზით იყო მიღებული, მივიღებთ ჩაკეტილ სისტემას და უფრო სუბიექტურ გადაწყვეტილებებს, ვიდრე ობიექტურს" – ასე გამოეხმაურა დავით უსუფაშვილი ზურაბ ტყემალაძეს და მის საკანონმდებლო პროექტს.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საჯარო სამსახურის სფეროში უამრავი საკითხია გადასაწყვეტი, რომელიც თავის მხრივ სამსახურში მიღებას, დაწინაურებას, კონკურსს, გათავისუფლების კრიტერიუმებს და სხვა საკითხს ეხება. მისივე თქმით, მიდის მოლაპარაკებები, აღნიშნულ თემაზე სამუშაო ჯგუფი შექმნისა და საკითხის კომპლექსურად შესწავლისა და მოგვარების მიზნით.

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციის მიუხედავად, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, ხმათა უმრავლესობით პირველი მოსმენით გავიდა.
ცნობისთვის, ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საჯარო სამსახურში პირის მიღებისათვის სავალდებულოდ წარსადგენი ნარკოლოგიური შემოწმების ფორმის გამარტივება.