ლევან გახელაძე გიორგი ბარათაშვილისა და ხათუნა ბერძენიშვილის კონფლიქტზე ერთი თვით ადრე იყო ინფორმირებული

ლევან გახელაძე გიორგი ბარათაშვილისა და ხათუნა ბერძენიშვილის კონფლიქტზე ერთი თვით ადრე იყო ინფორმირებული

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან გახელაძის განცხადებით, გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილსა და საინფორმაციო სამსახურის უფროს ხათუნა ბერძენიშვილს შორის არსებული კონფლიქტის შესახებ ერთი თვით ადრე იყო ინფორმირებული.

რაც შეეხება ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ლევან გახელაძემ ბიუროკრატიულ ხაფანგზე ისაუბრა.

"ამას ჰქვია ბიუროკრატიული ხაფანგი, როდესაც ადამიანს სთავაზობ რაღაცას და იცი, რომ არ დათანხმდება და მერე ათავისუფლებ", - განაცხადა ლევან გახელაძემ დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, დეკემბერში, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გენდირექტორის არჩევის საკითხი დადგა, ახალი ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა იყო, "ნელ-ნელა გაეყვანა გემი ქარიშხლისგან, რათა მაუწყებელი პოლიტიკური რყევებით გამოწვეულ პროცესში არ ჩართულიყო".

მისივე თქმით, გენდირექტორს არ უნდა მიეღო არც ერთი გადაწყვეტილება, მათ შორის ფინანსური და საკადრო, რომელიც გააჩენდა ეჭვებს - ხომ არ იყო ეს პოლიტიკურად მოტივირებული.
რაც შეეხება საზმაუწყებლის თანამშრომელთა საინიციატივო ჯგუფს, რომლებიც სამეურვეო საბჭოს პრეტენზიას უყენებენ, რომ გენერალური დირექტორის დათხოვნა ძალიან სწრაფად მოხდა, გახელაძის განცხადებით, იგივე ადამიანები, შენელებული რეაქციის გამოც გააკრიტიკებდნენ.