თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოში ექიმები შიმშილობენ

თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრის ეზოში ექიმები შიმშილობენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ეზოში სასწრაფოს ოთხი ექიმი შიმშილობს. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ერთ-ერთმა მოშიმშილე ექიმმა ციცი კაშიამ განმარტა, გუშინ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა კახა ჩიხრაძემ ოთხი ექიმი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე სამსახურიდან გაათავისუფლა, რასაც ისინი აპროტესტებენ. ექიმები სამსახურიდან დათხოვნას მათი მხრიდან ჩიხრაძის კრიტიკას უკავშირებენ.

"ერთი თვის მანძილზე ჩვენ სასწრაფოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კახა ჩიხრაძეს ვედავებოდით, ვამახვილებდით ყურადღებას მის არასწორ მენეჯმენტზე და არასწორ ჰოსპიტალიზაციაზე მივუთითებდით. სწორედ ამის გამო გაგვათავისუფლა მან სამსახურიდან", - აღნიშნა ციცი კაშიამ.

მისივე თქმით, ცენტრის დირექტორს კადრებში ძალოვანი სტრუქტურებისა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლები ჰყავს დასაქმებულები, რომლებიც ექიმებს აკონტროლებენ. ამასთან კაშიას ინფორმაციით კახა ჩიხსაძეს კერძო ბიზნესი გააჩნია და იგი რეფერალური დახმარების ცენტრის დირექტორიცაა. მისივე მტკიცებით, ჩიხრაძეს თბილსისი მერია და უშუალოდ მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა მფარველობს

მოშიმშილე ექიმები სამსახურში აღდგენას და სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის დათხოვას მოითხოვენ.