ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო პროექტის ავტორს 20 მარტს დააჯილდოებენ

ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო პროექტის ავტორს 20 მარტს დააჯილდოებენ

20 მარტს, ქალაქ ფერარაში ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო პროექტის ავტორს, არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს დააჯილდოებენ. ამის შესახებ ერთ-ერთი იტალიური საიტი იუწყება.

ქალაქ ფერარაში მესამე საერთაშორისო კონკურსი Domus restauro e conservazione დასრულდა. კონკურსი სააქციო საზოგადოება Fassa Bort-ს მხარდაჭერით ფერარას უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის მიერ იყო ორგანიზებული. კონკურსის ფარგლებში იმ პროექტებს აჯილდოებენ, რომლებიც სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდებიან.

კონკურსში ორმა სარესტავრაციო პროექტმა გაიმარჯვა. ერთ-ერთი მათგანია არქიტექტორ ანდრეა ბრუნოს პროექტი, რომელიც ბაგრატის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს უკავშირდება.
ჟიურის დასკვნით, მეთერთმეტე საუკუნის უნიკალური ქართული ტაძრის აღდგენითი პროექტი არქიტექტორის ძალისხმევის მაგალითია.

ამ პროექტში არქიტექტორმა გადაწყვიტა "ახლისა" და "ძველის" შერწყმა ისე, რომ შესაძლებელი გახდა ტაძრის ორიგინალური სახის შენარჩუნება. აღნიშნული პროექტი უკვე დაწყებული სარესტავრაციო სამუშაოების გაგრძელებაა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა აღდგენითი სამუშაოების მეთოდოლოგია. ტაძრის ორიგინალურ სახეს ფონად გასდევს თანამედროვე და ხაზგასმულად განსხვავებული მასალა, რაც ტაძრის პირველწყაროს ინარჩუნებს და სრულად აღადგენს მის მოცულობას.

დაჯილდოების ცერემონია 2013 წლის 20 მარტს, ქალაქ ფერარაში, პალაცო ტასონიში გაიმართება.