ლევან გახელაძე მზად არის, შეხვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს

ლევან გახელაძე მზად არის, შეხვდეს პარლამენტის თავმჯდომარეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მზად არის, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამის სურვილს გამოთქვამს.

ამის შესახებ ლევან გახელაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრის ფორმატი უნდა იყოს განსაზღვრული.

"თუ იქნება დაკითხვის ფორმატი, ეს მიუღებელია, მაგრამ თუ იქნება საქმიანი საუბარი, ეს ჩემთვის მისაღებია", - განაცხადა ლევან გახელაძემ.

მისივე განმარტებით, დღევანდელი კანონი საზოგადოებრივ მაუწყებელს ავალდებულებს ანგარიშვალდებულების მხოლოდ ერთ, წერილობით ფორმას, რომელიც ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1-ელი მაისისა, მაუწყებელმა უნდა წარუდგინოს პარლამენტს, პრეზიდენტს და მარეგულირებელ კომისიას.

მისივე თქმით, პარლამენტში დაბარებებზე საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ კანონში არ არის.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ბორდის წინაშე არის ვალდებული და არა სხვა სახელმწიფო ორგანოსადმი. პარლამენტი ამტკიცებს ბორდს, თუმცა პირდაპირ ანგარიშვალდებული თავის საქმიანობაზე ბორდი პარლამენტის მიმართ არ არის. თუ შეხვედრა იქნება კოლეგიალური, ასეთი მოსმენისთვის მზად ვართ", - განაცხადა ლევან გახელაძემ, თუმცა აღნიშნა, რომ "ოპერატიული წესით" დაბარების უფლება პარლამენტს არ აქვს.