ლევან გახელაძე – საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება პარლამენტს არ აქვს

ლევან გახელაძე – საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება პარლამენტს არ აქვს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" მოქმედი კანონით, სამეურვეო საბჭოს დათხოვნის უფლება პარლამენტს არ აქვს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მაუწყებლის კანონში ითვალისწინებს საბჭოს წევრის ინდივიდუალური იმპიჩმენტის შესაძლებლობას, ამისთვის კი, უნდა შეგროვდეს პარლამენტარების ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნა, ხოლო ინდივიდუალური იმპიჩმენტის გადაწყვეტილება სამი მეხუთედით უნდა იყოს მიღებული.

გახელაძის განმარტებით, კანონში არ არის მითითებული, რომ სამეურვეო საბჭოს წევრის დათხოვნის საფუძველი ვინმეს მოთხოვნა შეიძლება გახდეს, არამედ ეს უნდა განხორციელდეს ორ საფუძველზე - საბჭოს წევრის მიერ ხანგრძლივი ვადის განმავლობაში მოვალეობისთვის თავის არიდება; დადასტურებული სისხლის სამართლის დანაშაული.

ამასთან, ლევან გახელაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად კანონიერი გზით მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება, განაცხადა, რომ როგორც მისთვის ცნობილია, მზადდება სარჩელი და ის სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდება.

დღესვე ლევან გახელაძე გამოეხმაურა "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის განხილვას პარლამენტში და აღნიშნა, სამეურვეო საბჭოსთვის ამის შესახებ არც ინფორმაცია მიუწვდია ვინმეს და არც განხილვაზე მიუწვევიათ. როგორც გახელაძე ამბობს, ასეთი რამ რომ იგეგმებოდა, "მაესტროს" ეთერში ლაშა ტუღუშისგან შეიტყო.

მისივე თქმით, ამ განხილვაზე შემთხვევით მოხვდა სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი წევრი.