ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა

ერთი დღის განმავლობაში საქართველოში წითელას შემთხვევები 28-ით გაიზარდა. ახალი შემთხვევების უმეტესობა _ 25, თბილისში აღირიცხა.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, საქართველოში წითელას უკვე 111 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 101 თბილისში გამოვლინდა. დაავადებულთაგან 59 ჰოსპიტალიზირებული იყო.

გამოვლენილ შემთხვევების უმეტესობა 20-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის და 58-ს შეადგენს. შემდეგი გავრცელების ჯგუფი 30 წელს ზემოთ ასაკის პირები არიან, სადაც დაავადების 22 შემთხვევაა გამოვლენილი.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, რომ წითელას შემთხვევების მატება თებერვლის ბოლოდან შეინიშნება. დაავადების გამოვლენა შემდგომი 2-3 თვის განმავლობაში კიდევ მოხდება და წელს საქართველოში წითელას ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდება. აღნიშნულის მიზეზად 2008 წელს ჩაშლილ წითელას იმუნიზაციას ასახელებენ.

გასულ წელს სულ ქვეყანაში წითელას 31 შემთხვევა იყო აღრიცხული. ზოგადად ბოლო წლებში კი წითელას შემთხვევების რაოდენობა 40-60 ერთეულს არ აღემატებოდა.

შემთხვევების მატების გამო დაავადებულებთან კონტაქტში მყოფი 6 თვიდან 30 წლამდე ასაკის პირების, ასევე 1-7 წლამდე პატარების უფასო სავალდებულო ვაქცინაცია მიმდინარეობს.

წითელას დაავადებას ცხელება, მე_4-5 დღეს კი გამონაყარი ახასიათებს. გართულების შემთხვევაში დაავადებამ შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოიწვიოს.

წითელას გადატანის ან ვაქცინაციის შემთხვევაში ადამიანს დაავადებაზე მყარი იმუნიტეტი უყალიბდება.