ნუგზარ წიკლაური - 19 აპრილის აქცია ისევ აქტუალურია

ნუგზარ წიკლაური - 19 აპრილის აქცია ისევ აქტუალურია

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციაზე კონსენსუსის მიუხედავად, 19 აპრილის აქცია ისევ აქტუალურია. როგროც "ინტერპრესნიუსს" სააპრლამენტო უმცირესობის წევრმა , ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ამ აქციას პარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციასთან ვერ დააკავშირებს.

წიკლაურმა აღნიშნა, რომ ამ დოკუმენტის პირველადი ვერსია "სამარცხვინო და კაპიტულანტური" იყო და მისი შეცვლა ოპოზიციის ძალისხმევით მოხერხდა.

"მნიშვნელოვანია დეკლარაციები და ასეთი პოზიციის გამოქვეყნება, თუმცა მთავარია არა ამ ტიპის დეკლარაციები, არამედ ის, რამდენად რეალურად სრულდება ეს მისწრაფებები ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ საერთო სასამართლოების კანონთან, ადგილობრივ თვითმმართველობებზე თავდასხმასთან, დეპუტატების პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, არავითარ კავშირშია ევროპულ ღირებულებებთან", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

მისივე თქმით, ამის შესახებ საქართველოს ევროპელ მეგობრებს არაერთხელ უთქვამთ და ბოლო გამოხმაურება ევროპარლამენტიდან გუშინაც იყო.

როგორც ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, გუშინდელ მიმართვას ხელს აწერს ევროპარლამენტის 23 დეპუტატი და არა ერთი პარტიიდან.

"19 აპრილის აქცია აქტუალობას არ დაკარგავს, რადგან ვხედავთ რა პროცესები ვითარდება ქვეყანაში. იმ შემთხვევაში, თუ ბიძინა ივანიშვილი 19 აპრილამდე ანგელოზად გადაიქცევა და აღარ იქნება იმის საჭიროება, რომ ჩვენი პოზიცია საჯაროდ გამოვხატოთ, ეს სხვა ამბავია, თუმცა ამის იმედი არ გვაქვს. ამიტომ 19 აპრილის აქცია კვლავ აქტუალურია და ის შედგება", - გაანცხადა ნუგზარ წიკლაურმა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" მოსახლეობის უკეთ ინფორმირებას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა გუშინ ერთხმად – 96 ხმით, მიიღო. დოკუმენტი უმრავლესობისა და უმცირესობის ერთობლივი მხარადჭერით გავიდა.

რეზოლუციის პროექტთან დაკავშირებით კონსულატაციები პროექტის სესიაზე გატანის წინაც გაიმართა, რომლის შედეგად მხარეებმა პოზიციების შეჯერება შეძლეს.