ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ფინანსური ამნისტიის შესახებ პრეზიდენტის ინიციატივა საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა

ფინანურ-საგადასახადო და არადეკლარირებული შემოსავლების ამნისტირების, ასევე, ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების დეკრიმინალიზების თაობაზე პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი , საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა.

პრეზიდენტის შეთავაზებას პარლამენტის არც ერთმა შესაბამისმა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა. მიხეილ სააკაშვილის მიერ წარდგენილ საკანონმდებლო პაკეტს არც მთავრობა დაეთანხმა.

საკითხის პლენარულ სხდომაზე განხილვისას ხაზი გაესვა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მქონე კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციები არ გამართულა ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებთან. ყურადღება გამახვილდა შეთავაზებულ საგადასახადო ამნისტიასთან დაკავშირებულ სტატისტიკაზეც და უმრავლესობა დაინტერსდა, რა ოდენობის საგადასახადო ვალდებულებების ამნისტირებაზე იყო საუბარი და კონკრეტულად ვის შეიძლება შეჰხებოდა ის. მმართველი გუნდი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ეს საკანონმდებლო შეთავაზება წინა ხელისუფლებთან დაახლოებულ ბიზნესმენებსა და მათ ინტერესებზე იყო ორიენტირებული.

თავის მხრივ, უმცირესობის სახელით, დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ განმარტა, რომ საკანონმდებლო პაკეტში დაფიქსირებული სსკ-ის მუხლებით მსჯავრებული პირები თავად მმართველი გუნდის მიერ გამოცემული ამნისტიის აქტით არიან ამნისტირებულნი, ხოლო ამ შემთხვევაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ ის საგადასახდო ვალდებულებები, რომელიც ამ ადამიანებს სახელმწიფოს წინაში აკისრიათ, მოეხსნათ და ფული ბიზნესში დარჩეს. ჯაფარიძემ დღეს ისიც განაცხადა, რომ ბიზნესმენები ფინანსურ-ეკონომიკური დანაშაულების გამო ციხეში არ უნდა მიდიოდნენ და ასეთი ტიპის გადაცდომები ადმისტრაციული წესით დასჯადი ქმედება უნდა გახდეს. უმცირესობა საკითხის განხილვისას ირწმუნებოდა, რომ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებული წინადადების გაზიარება ქართულ ეკონომიკას გამოაცოცხლებდა.

"ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების და ქონების ლეგალიზაციის შესახებ" კანონპროექტით მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა ინიციტივით, რომ შეწყვეტილიყო სისხლის სამართლის საქმეები იმ პირთა მიმართ და სასჯელისგან ის მსჯავრდებულები გათავისუფლებულიყვნენ, რომლებმაც 2013 წლის 1-ელ იანვრამდე ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 192/1, 193-ე, 194-ე, 194/1, 195/1, 196-ე მუხლებით, 197-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 197/1, 199-ე, მე-200-200/6, 201-ე, 205/1, 210-ე, 211-ე, 216-ე, 218-ე, 219-ე, 220-ე, 220/1, 221-ე მუხლებით, 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და ამ ნაწილებთან დაკავშირებით 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები. ამავე საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში პრეზიდენტმა პარლამენტს "სისხლის სამართლის კოდექსიდან" ეკონომიკურ-სამეწარმეო დანაშაულებთან დაკავშირებული რიგი მუხლების ამოღება შესთავაზა. სააკაშვილი ცალეკულ ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის გაუქმებისა და სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმის ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის გამოყენების წინადადებით გამოვიდა, რიგ დანაშაულებზე კი, თავისუფლების აღმკვეთი ღონისძიებების შემსუბუქება მოითხოვა.