ემიგრაციის მუზეუმი და დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთმანეთში აერიათ

ემიგრაციის მუზეუმი და დარბაზი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთმანეთში აერიათ

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე ირწმუნება, რომ მათთან ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა და არა მუზეუმი. for.ge ამ საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე, სიახლეების ნუსხაში წაიკითხა, რომ ბიბლიოთეკაში "პარლამენტის თავმჯდომარემ ემიგრაციის მუზეუმი გახსნა". 

რადგან აკადემიკოს გურამ შარაძის ძალისხმევით გახსნილი ემიგრაციის მუზეუმი საქართველოში 1994 წლიდან არსებობს, ჩვენ დავინტერესდით რატომ გახდა საჭირო ემიგრაციის მეორე მუზეუმის გახსნა. ტელეფონით დავუკავშირდით ეროვნული ბიბლიოთეკის პრესცენტრს, სადაც განგვიცხადეს რომ მუზეუმი კი არა, დარბაზი გაიხსნა.

პრესცენტრის დახმარებით ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს ტელეფონით ვესაუბრეთ. მას ვთხოვეთ დაეზუსტებინა, მიმდინარე წლის 1 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში რა გაიხსნა - ემიგრაციის მუზეუმი თუ ემიგრაციის დარბაზი. მან პასუხად მოგვიგო - "ემიგრაციის დარბაზი".

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს კითხვა შევუბრუნეთ -  "მაშინ თქვენს ვებ-გვერდზე რატომ წერია, რომ გაიხსნა ემიგრაციის მუზეუმი და თქვენ, 1 მარტს ტელეკომპანია "მაესტროსთვის" მიცემულ კომენტარში რატომ ამბობთ, რომ ემიგრაციის მუზეუმი გაიხსნა?"

გიორგი კეკელიძემ განგვიცხადა, რომ ეს უბრალოდ, ტექნიკური შეცდომა იყო და ახლა ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში თუ მივალთ, დავრწმუნდებით, რომ ემიგრაციის დარბაზი გაიხსნა და არა ემიგრაციის მუზეუმი.

"1 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეწვია. პარლამენტის თავმჯდომარემ ეროვნული ბიბლიოთეკის ემიგრაციის მუზეუმი გახსნა, გაეცნო ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში უახლოეს მომავალში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოების გეგმას და ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებს შეხვდა", - ესაა ეროვნული ბიბლიოთეკის ვებგვერდზე 1 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაცია (http://www.nplg.gov.ge/geo/news/erovnul_biblioTekas_parlamentis_Tavmjdomare_ewvia/id1122). აქვე შეგიძლიათ იხილოთ ტელეკომპანია "მაესტროზე" გასული სიუჟეტი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი 1994 წლის 10 ოქტომბერს, აკადემიკოს გურამ შარაძის ძალისხმევით, მისი პირადი ფონდის ბაზაზე გაიხსნა. ეს ამბავი დოკუმენტალურად კი იმავე წლის 14 ნოემბერს დაფუძნდა, რასაც ადასტურებს საქართველოს მინისტრთა კაბინეტის N797 დადგენილება:

"თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესთან არსებული ემიგრაციის მუზეუმის შექმნის შესახებ საქართველოს მინისტრთა კაბინეტი ადგენს:

1.მიღებულ იქნეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესის წინადადება და შეიქმნას ამ უწყებებთან არსებული ქართული ემიგრაციის მუზეუმი;

2.დაევალოს საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროებს გამოუყონ ქართული ემიგრაციის მუზეუმს 8 საშტატო ერთეული და შენახვის ხარჯები. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ოთარ ფაცაცია“.

ემიგრაციის მუზეუმი ჭავჭავაძის გამზირზე, უნივერსიტეტის მერვე კორპუსის შენობაში, მეხუთე სართულზეა განთავსებული და მასში წარმოდგენილია 1981 წლიდან გურამ შარაძის მიერ მსოფლიოს თითქმის ყველა კონტინენტიდან ჩამოტანილი უნიკალური ემიგრანტული წიგნები, პერიოდული გამოცემები, ემიგრანტთა პირადი არქივები, ფოტო, აუდიო და ვიდეო არქივები, რადიო "თავისუფლების" გადაცემების აუდიო-ბაბინები, ცნობილ ემიგრანტთა მემორიალური ნივთები, ფერწერული ტილოები, ვიკტორ ნოზაძის ცნობილი პარიზული ქართული სტამბა და ა.შ.