საქართველოს მთავრობამ ორ ლობისტურ უცხოურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ ორ ლობისტურ უცხოურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა ორ ლობისტურ უცხოურ კომპანიასთან, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, თამარ ბერუჩაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, ეს არის 6-თვიანი ხელშეკრულება, ხოლო ამ კომპანიების საქმიანობის ძირითადი მიზანი იქნება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაც, ბერუჩაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია.

რაც შეეხება კომპანიებს, ერთი კომპანიაა "კამბრე", რომელიც ევროკავშირის ფარგლებში მუშაობს. მისი ოფისი არის ბრიუსელში, მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე არასამთავრობოებთან, მედიასთან, ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და ამ მიზნით ამ კომპანიის ჰონორარი თვეში განისაზღვრება 40 000 ევროს სახით. რაც შეეხება მეორე კომპანიას, ეს არის "პატონ ბოქსი". მისი მიზანია საქართველოს მთავრობისთვის ხელშეწყობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ორმხრივ ურთიერთობაში, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით, კონგრესთან კომუნიკაციის კუთხით, ასევე შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მედიასთან ურთიერთობა და ბიზნესწრეებთან ურთიერთობა და ეს კომპანია ამ საქმიანობის განხორციელებაში ჰონორარის სახით თვეში 90 000 დოლარს მიიღებს.

ბერუჩაშვილის განცხადებით, მსგავსი კონტრაქტები დღემდე საჯარო არასდროს არ ყოფილა და სიურპრიზია ის, რომ ამჯერად უკვე ისინი ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდება. პირველ კომპანიასთან, კერძოდ, "კამბრესთან" დადებული კონტრაქტი გამოქვეყნდება ევროპულ და ევროატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებგვერდზე, ხოლო მეორე კომპანიასთან, "პატონ ბოქსთან" დადებული ხელშეკრულება მთავრობის ვებგვერდზე.

როგორც თამარ ბერუჩაშვილმა აღნიშნა, ლობისტურ კომპანიებთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების შესახებ ბოლო დროს უამრავი განცხადებები კეთდებოდა და იწერებოდა. მისი თქმით, 80% ამ კომპანიებთან თანხის ხარჯვასთან დაკავშირებით იყო გასაიდუმლებული. თუმცა მან აღნიშნა, რომ რიგი ღონისძიებები ამ კონტრაქტით გათვალისწინებული ნამდვილად ემსახურებოდა ქვეყნის ინტერსების დაცვას, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ეჭვს იწვევდა.

"მაგალითისთვის გეტყვით, რომ მხოლოდ ერთ უწყებას ამ მიმართულებით დახარჯული აქვს ორი წლის განმავლობაში 32 მილიონი ლარი. დღეს არის სხვა რეალობა. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ მცირე საბიუჯეტო რესურსების გამოყენებით ანალოგიური კომპანიების საქმიანობა მოხმარდება ქვეყის ინტერესებს და ეს იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობით", - დასძინა თამარ ბერუჩაშვილმა.