ბიძინა ივანიშვილი:  კოტე კუბლაშვილთან შეხვედრაზე სიტყვა იმპიჩმენტი არც წამოგვცდენია

ბიძინა ივანიშვილი: კოტე კუბლაშვილთან შეხვედრაზე სიტყვა იმპიჩმენტი არც წამოგვცდენია

სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, როგორც ახალი, ისე ძველი გუნდისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. 

მისივე თქმით, საუბარი სასამართლოს რეფორმირების აუცილებლობასაც შეეხო. ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან შეხვედრას საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ ერთმანეთი დღეს გაიცნეს.

"საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმა აუცილებელია, ამისთვის ბატონ კოტეს გააჩნია მზაობა. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროს და ახალი გუნდის მიერ, ამ რეფორმების 80%-ს ეთანხმება, მაგრამ აქვს კითხვებიც. უფრო კონკრეტულად სასამართლო რეფორმაზე საუბრისას ვერ ვიქნები პროფესიონალი. კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, წარსული და ვფიქრობ, მას აქვს საშუალება ღირსეულად დაასრულოს თავმჯდომარეოიბის ვადა და მაქსიმალურად დამოუკიდებელი და ობიექტური სასამართლო დარჩეს საქართველოში. იმ პროცესებზე, რაშიც მას მონაწილეობა აქვს მიღებული, გასაგებია, რომ არსებობს კითხვები", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე მხოლოდ პოზიტივზე არ უსაუბრიათ. როგორც პრემიერმა აღნიშნა, კოტე კუბლაშვილიც ეთანხმება იმაში, რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ სკეპტიციზმი არსებობს.

"არსებობს კითხვები წარსულისადმი, მაგრამ ძალიან ბევრი გაკეთდა სასამართლოში ამ დროის განმავლობაში და მას აქვს შეტანილი წვლილი ამ პოზიტივში. რაც მთავარია, ძირითად პრინციპებში ვთანხმდებით. ვერ შევთანხმდით იმაში, რამდენად ბევრია კითხვები დღევანდელი სასამართლოსადმი. შეიძლება, მე მგონია, რომ უფრო მეტია კითხვები, ვიდრე - ბატონ კოტეს. ძირითად პრინციპებზე – იმაზე, რომ სასამართლო უნდა გახდეს მაქსიმალურად დამოუკიდებელი, ვთანხმდებით. მე მას გარანტია მივეცი და შემიძლია გავიმეორო, რომ არ არსებობს ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ან კოალიციის ლიდერის ან ჩემი გუნდის მხრიდან, ვინმემ გაბედოს და ჰქონდეს მცდელობა იმისა, რომ სასამართლოზე ზეგავლენა მოახდინოს ან სასამართლო პროცესებში ჩაერიოს. ამაში დავარწმუნე ბატონი კოტე", - განაცხადა ივანიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვას, შეეხო თუ არა საუბარი კოტე კუბლაშვილის შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს სიტყვაც კი არ უხსენებია.

"იმპიჩმენტის საკითხის მსგავსზე არაფერზე გვისაუბრია. ვისაუბრეთ მხოლოდ იმაზე, როგორ განვვითარდეთ და როგორ წავიდეთ წინ. სიტყვა იმპიჩმენტი არც წამოგვცდენია და ამის მსგავსი საუბარი არ გვქონია", - აღნიშნა ივანიშვილმა.