ბიზნესმენი თემურ უგულავა კაზინო

ბიზნესმენი თემურ უგულავა კაზინო "აჭარის" მოსარჩელის განცხადებებს გამოეხმაურა

ბიზნესმენი თემურ უგულავა აცხადებს, რომ კაზინო "აჭარის" შენობის მფლობელია და დაზუსტებით არ იცის იმ კომპანიის სახელი, რომელსაც შენობა მიაქირავა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" უგულავამ განუცხადა, აქვს ინფორმაცია, რომ დამქირავებელი ინგლისური კომპანიაა. მისივე თქმით, არ იცის, ვინ არის კომპანიის მფლობელი.
"რაღაც ინგლისური კომპანიაა და არ ვიცი ვინაა მისი მფლობელი", - განაცხადა თემურ უგულავამ.

ამასთან, იგი კაზინო "აჭარის" მოსარჩელე ივა ჩიღვინაძის განცხადებასაც პასუხობს, რომლის მიხედვითაც, თავად უგულავა აცხადებდა, რომ კეზერაშვილმა და კოდუამ მასთან კონტრაქტის დარღვევა აიძულეს.

"ივა ჩიღვინაძე ბოდავს სტრუქტურულად. თუ ჩემზე რაიმე ზეწოლა განხორციელდა, მე ვიტყვი და ივა ჩიღვინიძე ჩემს მაგივრად ნუ ლაპარაკობს", - განაცხადა თემურ უგულავამ.
მისი თქმით, ჩიღვინაძე ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებს, როდესაც ამბობს, რომ კაზინოს მეწილე იყო და მას სესხი მისცა.

"სესხის მიცემა არ ნიშნავს მეწილეობას და თუ სესხი მისცა და კაზინო "აჭარას" რაიმე ვალდებულება აქვს მის მიმართ, მოსთხოვოს კაზინოს", - განაცხადა თემურ უგულავამ.

ფიზიკური პირი, რომლის სარჩელის საფუძველზეც კაზინო "აჭარის" მოძრავი ქონება დაყადაღდა, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ივა ჩიღვინაძე აღმოჩნდა.

"ინტერპრესნიუსი" ჩიღვინაძეს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ კაზინოში წილი უკანონო გზით მას შემდეგ ჩამოართვეს, რაც პოლიტიკური აქტივობა დაიწყო. მისივე თქმით, 2009 წელს "გაერთიანებულ ოპოზიციაში" შევიდა, რის შემდეგაც ბიზნესმენმა დავით იაკობაშვილმა და დავით კეზერაშვილმა მისი წილები შეისყიდეს.

"2009 წელს კაზინო "აჭარასთან" სესხის ხელშეკრულება გავაფორმე, რის საფუძველზეც კაზინოს მეწილე გავხდი. ამავე წელს "გაერთიანებული ოპოზიციის" რიგებში შევედი, რასაც ჩემზე და ჩემს გარემოცვაზე დარტყმები მოჰყვა. "აჭარის" მაშინდელი მფლობელი თემურ უგულავა აცხადებს, რომ კეზერაშვილმა და კოდუამ აიძულეს, რომ ჩემთან კონტრაქტი დაერღვია და "თიბისი ბანკში" არარსებულ, ვითომ ჩემს ანგარიშზე გადაერიცხა ჩემს მიერ კაზინოში შეტანილი ფული. ის ასევე ამბობს, რომ აიძულეს, კაზინო მიეყიდა დავით იაკობაშვილისთვის. ჩემი მოსარჩელე მხარე გამოდის დავით იაკობაშვილი. შესაბამისად, კაზინოზე ყადაღის დადება ჩემმა მხარემ მოითხოვა", - განაცხადა ივა ჩიღვინაძემ.

მისივე თქმით, თანხა, რომელიც კაზინოში ჰქონდა ჩადებული, მილიონობით დოლარს შეადგენს. ამასთან, ჩიღვინაძე ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვს. მისი თქმით, ჰყავდა პარტნიორები, რომელთაგან ერთ-ერთს საპატიმროში, ყოველგვარი სოციალური მუშაკის გარეშე, უკანონოდ მოაწერინეს ხელი კონტრაქტზე უარის თქმის საბუთზე.

"აქედან გამომდინარე, საქმეში იკვეთება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რასაც ალბათ გამოძიება დაადგენს", - განაცხადა ივა ჩიღვინაძემ.

სასამართლო პროცესი კაზინო "აჭარასთან" დაკავშირებულ სამოქალაქო დავაზე 21 მარტისთვის არის ჩანიშნული.