ნუგზარ წიკლაური თავდაცვის სამინისტროდან საჩუქრის სახით იარაღის მიღებას ადასტურებს

ნუგზარ წიკლაური თავდაცვის სამინისტროდან საჩუქრის სახით იარაღის მიღებას ადასტურებს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ნუგზარ წიკლაური ირაკლი სესიაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან თავდაცვის სამინისტროდან საჩუქრის სახით იარაღი მიიღო, ადასტურებს. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" წიკლაურმა განუცხადა, ეს სრულიად კანონიერად მოხდა და იარაღი, რომელიც ყველა წესის დაცვით არის რეგისტრირებული, ქართული ჯარის მხარდაჭერისთვის გადაეცა.

"დიახ, თავდაცვის სამინისტრომ, ოფიციალური ბრძანებით, მე გადმომცა იარაღი. ეს არის "ვალტერის" ტიპის იარაღი, რომელიც რეგისტრირებულია. ამ ამბავში არაფერი დაფარული არ არის. მოტივაციაც წერია ბრძანებაში და ყველას შეუძლია ნახოს. იარაღის ჩუქება დაკავშირებული იყო იმასთან, რომ წინა მოწვევის დროს მე ყველანაირად ვუჭერდი მხარს ქართულ ჯარს, ქართული ჯარის განვითარებას და ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიაობის ზრდას. ჩვენი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ, რომ ამისთვის ვიმსახურებ ამგვარ ჯილდოს, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა ყველა ქვეყანაში. ზოგადად, სესიაშვილის მხრიდან ამ საჩუქრებზე ლაპარაკი ტაკიმასხარაობაა და მას ვურჩევდი, რომ ამ ტაკიმასხარაობის ნაცვლად იზრუნოს იმ მნიშვნელოვან დოკუმენტებზე, რომელიც უნდა ჰქონდეს ქართულ სახელმწიფოს და იზრუნოს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო ძლიერი", - განაცხადა წიკლაურმა.

ირაკლი სესიაშვილის კიდევ ერთ განცხადებას, რომ სვიმონ მასხარაშვილმა 2011-2012 წლებში პრემიის სახით 40 100 ლარი მიიღო, თავად მასხარაშვილი ადასტურებს, თუმცა ამაში უჩვეულოს და რამე კანონდარღვევას ვერ ხედავს.

"მე ამ პერიოდში ვმუშაობდი გაერთიანებულ შტაბში, სადაც გეოპოლიტიკისა და სამხედრო ისტორიის ცენტრს ვხელმძღვანელობდი. მე დაახლოებით ამ ოდენობის პრემია მივიღე, თუმცა ამაში მე კანონდარღვევას ან უჩვეულოს ვერ ვხედავ. ყველა ჩემს მიერ მიღებული თანხა, ეს სამივლინებო იქნება, ხელფასი თუ პრემია, გატარებულია ქონებრივ დეკლარაციაში და დამალული არაფერი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მასხარაშვილმა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა დღევანდელ საპარლამენტო სესიაზე, წარმოადგინა მასალები. ამ მასალებში საუბარია ბაჩო ახალაიას და დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდში გაცემული პრემიების ოდენობის შესახებ, მასში ასევე არის მოწოდებული ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიამ სხვადასხვა პირებს საჩუქრად იარაღი გადასცა. საჩუქრების ადრესატებს შორის არის ნუგზარ წიკლაური, აკაკი მინაშვილი, მერაბ სეფაშვილი და სხვა ადამიანები.