თბილისში ბოლო წლებში თანდათან უფრო იშვიათად იდგმება ე.წ. "მარადიულ თემებზე" სპექტაკლები. მაყურებლების ინტერესი როგორც წესი შედარებით მსუბუქი და იუმორისტული თემატიკის სპექტაკლებისადმი არსებობს. თუმცა, რამდენიმე ქართველი რეჟისორის მიერ ბოლო წლებში სპექტაკლები მაინც დაიდგა მსოფლიო ლიტერატურის შედევრების მიხედვით.
განსაკუთრებით გამოსაყოფია თეოდორ დოსტოევსკის "იდიოტის" მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლი, სადაც მთავარმა რეჟისორმა სანდრო მრევლიშვილმა მხოლოდ სამი გმირი დასტოვა (ნასტასია ფილიპოვნა, პარფენ რაგოჟინი და თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი - "იდიოტი"). როგორც ცნობილია, დოსტოევსკის უყვარდა თავის რომანებში მრავალი მთავარი თუ მეორეხარისხოვანი გმირების გამოყვანა, სპექტაკლი კი მხოლოდ სამ გმირამდეა დაყვანილი და თანაც ისე, რომ აშკარად არ იგრძნობა სხვათა საჭიროება.
რომანშიც ტიპიური სამკუთხედია (ორი მამაკაცი და ერთი ქალი). სულ ლიტერატურაში 28 სიუჟეტი არსებობს, ყველაზე მნიშვნელოვნად კი სწორედ ამგვარი სამკუთხედის შექმნაა. დიდი პარალელის გავლება შეიძლება თავად მიშკინსა და დონ კიხოტის პიროვნებებს შორის. თუნდაც ის, რომ ორივენი შეგნებულად არიან იდიოტები და ჰუმანიზმ-იდიოტიზმამდე ორივეს თანაბრად უყვართ ყველაფერი, რაც გარშემოა.
მიშკინსაც და დონ კიხოტსაც გაცნობიერებული აქვთ ის, რომ მათი მდგომარეობა არცთუ მიმზიდველია შორიდან, მაგრამ მათთვის იდიოტის ბურანში ყოფნა უფრო სასიამოვნოა, თუმცა რეალობა ორივეს კარგად აქვს გათავისებული. გავიხსენოთ, როდესაც დონ კიხოტი კვდება, რას ეუბნება სანჩოს - "სანჩო ეს ყველაფერი დევები, რაინდობა და სხვა რაღაცეები ტყუილი იყო და მაპატიე"!
სპექტაკლში ნასტასია ფილიპოვნას მკვლელი პარფენ რაგოჟინი პატიმრულადაა გამოწყობილი და ჯაჭვებს აჟღარუნებს. მოგეხსენებათ, ნაწარმოებში ამგვარი რაგოჟინი არ ფიგურირებს.
ეს მე-19 საუკუნეა. ამ დროს რაგოჟინები შუაგულ რუსეთში ცხოვრობენ და უნდა ითქვას, რომ ისინი სექტანტები არიან (დღევანდელი გაგებითაც სექტანტები). გავიხსენოთ, როგორ მიმართავს თავადი მიშკინი რაგოჟინს ერთ-ერთი მათი დიალოგისას - "პარფენ, მამაშენს გავხარ, როგორც ეს სახლი და ცხოვრების რაგოჟინული წესი".
რაც შეეხება მის ბორკილებს, რაგოჟინი ხომ მუდამ პატიმარი იყო. ესაა კაცი, რომელიც ყოველთვის პატიმრობისთვისაა განწირული. მერე რა, თუკი ციხე, როგორც ასეთი, არ ფიგურირებს. ნასტასიას მკვლელობას თავი რომ დავანებოთ, რაგოჟინი დედამისს მოკლავდა, მისთვის ბრილიანტები რომ არ მიეცა. აი, აქაა რაგოჟინული ცხოვრების წესის "საიდუმლო.
ბევრის აზრით, "იდიოტის" ნასტასია ფილიპოვნა ზოგადად ქალის და უფრო კონკრეტულად, რუსი ქალის სახეა თავისი ექსტრავაგანტულობით, გაუწონასწორებულობით და სხვა. სპექტაკლში ნასტასია თვითონ ყვება, როგორ მოკლა პარფენ რაგოჟინმა და ისეთ მცირე დეტალსაც კი ამბობს, როგორიცაა ის, რომ "დანა ნახევარი გოჯის სიღრმეზე შევიდა მარცხენა ძუძუს ქვეშ, სისხლი კი მხოლოდ ერთი კოვზი თუ დაიღვარა". ანუ რეჟისორი ჩვენ წინასწარ გვეუბნება იმას, რისთვისაც დოსტოევსკი მთელი რომანის მანძილზე ამზადებს მკითხველს (საუბარია ნასტასიას მკვლელობაზე).
მაყურებელი დიდი დილემის წინაშე დგება. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა საშინელებაა, ცოცხალი ნასტასია იქნებ უფრო საშიში იყო, ვიდრე დანამომარჯვებული რაგოჟინი.
რეჟისორის ხედვიდან ჩანს, რომ მთავარი აზრი ყველაფერში ისაა, რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთის წინაშე დამნაშავენი ვართ. არ არსებობს მართალი და მტყუანი, ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა ყველა ნაცნობი და უცნობისათვის იმიტომ, რომ პოტენციურად ყველას შეგვიძლია საშინელების ჩადენა. განა "დანაშაული და სასჯელში" რასკოლნიკოვი - ეს მშვენიერი ახალგაზრდა კაცი დამნაშავე იყო. პირიქით. საბჭოთა ლიტერატურულ კრიტიკას სწორედ ეს არ მოსწონდა დოსტოევსკისა, რადგან თეოდორი მიიჩნევდა, რომ ქვეყნის შეცვლაზე ოცნება სისულელე იყო, რომ პატარა ძვრასაც კი საზოგადოებაში მთების შეძვრა მოჰყვებოდა და არ არსებობდა იდეალური წყობა, რასაც ესოდენი გულმოდგინებით ქადაგებდნენ მაშინდელი სოციალისტები".
უნდა ითქვას, რომ 20 წლის წინ, სანდრო მრევლიშვილს "იდიოტი" გერმანიაში, საარბრიუკენშიც აქვს დადგმული მთლიანად გერმანული დასის შესრულებით (გერმანიაში დადგმულ სპექტაკლში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი გმირი იყო განსახიერებული).