პარლამენტში

პარლამენტში "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის განხილვა გადაიდო

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის განხილვა მომხსენებლის - რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, მომხსენებელი პრემიერის განკარგულებით იყო დანიშნული, შეუძლებელი იყო, კანონში ცვლილების შესახებ მთავრობის მიერ წარდგენილი კანონის პროექტი სხვა მომხსენებელს წარედგინა.

კანონპროექტის განხილვის თარიღის შესახებ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, პარლამენტი მიიღებს.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უნდა განეხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ".