აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას

აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით პარლამენტში შესაძლოა, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნას, რომელიც კანონში განსახორციელებელ ცვლილებებსა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფის შექმნის წინადადებით დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემელაძე გამოვიდა.

"ჯგუფმა უნდა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და პრობლემა გადაწყდეს იმგვარად, რომ არც ბიზნესი დაზარალდეს, მაგრამ, რაც ყველა მთავარი და მნიშვნელოვანია, დავიცვათ ჩვენი მოსახლეობა აზარტული თამაშების მავნე გავლენისა და შედეგებისგან", – განაცხადა ტყემალაძემ.

დღეს კომიტეტმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლების პეტიცია განიხილა, რომელიც სათამაშო ბიზნესის საერთოდ აკრძალვას ან მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს. პეტიციას ავტორები პარლამენტისგან ითხოვენ, სრულად მოხდეს სათამაშო ბიზნესის აკრძალვა. ხოლო თუკი ერთბაშად ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება, მაშინ დაუყოვნებლივ აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირება, ასევე შეწყდეს "ფლეი ტვ"-ის მაუწყებლობა და გადაკეთდეს კოდირებულ არხად. მათივე ინიციატივაა, რომ 25 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი და დაწესდეს ქონებრივი ცენზი საქართველოს მოქალაქე მოთამაშეთათვის.

პეტიციის ავტორთა მოთხოვნაა, აიკრძალოს ინტერნეტ-თამაშები ან უკიდურეს შემთხვევაში შეიზღუდოს მისი ხელმისაწვდომობა ასაკისა და ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, ხოლო ინტერნეტ თამაშების მომწყობმა სუბიექტებმა უზრუნველყონ სპეციალური პროგრამების შემუშავება და დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაწესდეს შეზღუდვის რეალურად აღსრულება, ბიომეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენებით.

პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა მოხდეს ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების, სლოტ-კლუბებისა და მსგავსი ტიპის აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების გადატანა დასახლებული ადგილებიდან სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებში.

კიდევ ერთი ინიციატივა, რაც პეტიციაშია წარმოდგენილი, მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს ახალი ნებართვების გაცემა და არსებული ნებართვებისთვის მოქმედების ვადის გაგრძელება.