საპარლამენტო უმცირესობა აზარტული თამაშების აკრძალვას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმცირესობა აზარტული თამაშების აკრძალვას არ ეთანხმება

საპარლამენტო უმცირესობა აზარტული თამაშების აკრძალვაში მის იატაკქვეშეთში, ჩრდილში გადანაცვლების საფრთხეს ხედავს. 

ამის შესახებ მოსაზრება დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის წარმომადგენლებმა, ზურაბ ჯაფარიძემ და სერგო რატიანმა გამოთქვეს.
კომიტეტი დღეს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების წარმომადგენლების პეტიციაზე მსჯელობს, რომელიც სათამაშო ბიზნესის საერთოდ აკრძალვას ან მის მკაცრ რეგულაციებს ითვალისწინებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, აზარტული სათამაშო ბიზნესი ადამიანებისთვის შეიძლება საზიანოო, მასში უპირობოდ სახელმწიფოს ჩარევას არ უნდა ნიშნავდეს და ზღვარი უნდა გაივლოს, როცა აზარტული თამაშებით ზრდასრული ადამიანია დაკავებული.

"ამ ლოგიკით შეიძლება აიკრძალოს "მაკდონალდსი", რომლის პროდუქციაც ჯანმრთელობისთვის მაინცდამაინც კარგი არ არის; ასევე სახინკლეში ხუთ ხინკალზე მეტის ჭამა, რადგან ის მეტ ქოლესტერინს შეიცავს. სახელმწიფოს არ უნდა მიეცეს ზნეობრივი პოლიციის ფუნქცია და პარლამენტიც არ უნდა დაკავდეს ზნეობაზე ზრუნვით. თუ ამ ლოგიკით წავალთ, შეიძლება ჩავერიოთ ადამიანების პირად ცხოვრებაში და გავარკვიოთ, რა არის საზიანო და რა არა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ასეთივე პოზიციაზე მისივე თანაგუნდელი სერგო რატიანი, რომელიც უმრავლესობას ურჩევს, სახელმწიფომ ხელი არ შეუწყოს ინფანტილური საზოგადოების ჩამოყალიბებას.

"სახელმწიფომ პიროვნებას არ უნდა შეხედოს, როგორც უტვინო ბავშვს, რომელმაც არ იცის, რა აზიანებს მას; ამ მიმართულებით სახელმწიფომ ადამიანებს შეზღუდვები არ უნდა დაუწესოს", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

თავად კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ტყემალაძე კი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშების შედეგად მიყენებული ზიანი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილში, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობაში იმდენად დიდია, რომ ნებისმიერ შეზღუდვას პირადად მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება პეტიციას, მისი ავტორები პარლამენტისგან ითხოვენ, სრულად მოხდეს სათამაშო ბიზნესის აკრძალვა. ხოლო თუკი ერთბაშად ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება, მაშინ დაუყოვნებლივ აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის ყველა სახის რეკლამირება, ასევე შეწყდეს "ფლეი ტვ"-ის მაუწყებლობა და გადაკეთდეს კოდირებულ არხად, 25 წლამდე გაიზარდოს ასაკობრივი ზღვარი და დაწესდეს ქონებრივი ცენზი საქართველოს მოქალაქე მოთამაშეთათვის.

პეტიციის ავტორთა მოთხოვნაა, აიკრძალოს ინტერნეტთამაშები ან უკიდურეს შემთხვევაში შეიზღუდოს მისი ხელმისაწვდომობა ასაკისა და ქონებრივი ცენზის გათვალისწინებით, ხოლო ინტერნეტ თამაშების მომწყობმა სუბიექტებმა უზრუნველყონ სპეციალური პროგრამების შემუშავება და დანერგვა, რომლითაც შესაძლებელი იქნება დაწესდეს შეზღუდვის რეალურად აღსრულება, ბიუმეტრიული პირადობის მოწმობების გამოყენებით. პეტიციაში ასევე ნათქვამია, რომ საჭიროა რომ მოხდეს ტოტალიზატორების, სამორინეების, სათამაშო კლუბების, სლოტ-კლუბებისა და მსგავსი ტიპის აზარტული თამაშების მომწყობი დაწესებულებების გადატანა დასახლებული ადგილებიდან სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილებში.

კიდევ ერთი ინიციატივა, რაც პეტიციაშია წარმოდგენილი, მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს ახალი ნებართვების გაცემა ან არსებული ნებართვებისთვის ვადი გაგრძელება.